სიახლეები

ფუტსალის ლიგა | თსუ ერთპიროვნული ლიდერია

ფუტსალი
გაუზიარე

4 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

​პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და კსუ დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. ანგარიში მე-16 წუთზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გახსნა, ახლო მანძილიდან მეტოქის კარი ნიკა მანგოშვილმა აიღო. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წუთები. ერთ წუთიან მონაკვეთში თბილისმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო და წინ გავიდა. 33-ე წუთზე კსუ-ს კახაბერ გოგოხიამ გაუტანა, 34-ეზე კი, გუნდის ბომბარდირმა, ოთარ ბერეჩიკიძემ. ლევან კობაიძის გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა, 35-ე წუთზე ბერეჩიკიძემ ამჯერად, საკუთარ კარში გაიტანა. კსუ 39-ე წუთზე კიდევ ერთხელ გიორგი ღავთაძის გოლით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩნება ვერც ამჯერად მოახერხა და იმავე წუთზე ანგარიში ბერეჩიკიძემ გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ 37-ე და მე-40 წუთებზე გიორგი ღავთაძე 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმები შეასრულა, თუმცა ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა შემტევს მეკარემ აჯობა და შეხვედრა ფრედ - 3:3 დასრულდა. 

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო გასული სეზონის ჩემპიონმა თსუ-მ. თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის გუნდი ამჯერად ილიაუნის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ,  დავით ბობოხიძის გუნდმა მეორე ტაიმში მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა. პირველი გოლი 23-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა. თსუ-ელთა უპირატესობა ორ ბურთამდე 27-ე წუთზე გაიზარდა, საკუთარ კარში ბურთი გიორგი თოლორდავამ ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში 35-ე წუთზე გიორგი ქურდაძემ დააფიქსირა. მოპოვებული სამი ქულით თსუ-მ 9 ქულა დააგროვა და 2021 წლის გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.

სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში თელასი-ჯორჯიანსი პსპ-ს დაუპირისპირდა. უხვგოლიანი მატჩი თელასის გამარჯვებით ანგარიშით - 6:3 დასრულდა. სათამაშო უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ფლობდა, თუმცა პსპ კონტრშეტევებზე მწვავედ მოქმედებდა. ანგარიში ფუტსალის ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-17 წამზე თემურ ექიზაშვილმა გაიტანა. მალევე თელასის უპირატესობა ორამდე გაიზარდა, მე-4 წუთზე სოლო რეიდი შედეგიანი დარტყმით ჯანიკო გიორგაიამ დაასრულა. პსპ-მ ანგარიშის შემცირება პირველი ნახევრის მიწურულს მოახერხა, მე-18 წუთზე ალექსანდრე ჯამბურიას კარი ნიკა ხარატიშვილმა აიღო. მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. 24-ე წუთზე თელასის უპირატესობა ორ ბურთამდე ამირან ცხომარიამ გაზარდა, თუმცა 27-ე წუთზე პსპ-ს სასარგებლოდ გიორგი აფციაურმა გაიტანა და სხვაობა კვლავ შემცირდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა ორ წუთიან მონაკვეთში მოიპოვა, 29-ე წუთზე დუბლი თემურ ექიზაშვილმა შეასრულა, 31-ეზე კი, ჯანიკო გიორგაიამ. მატჩის მიწურულს გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, 38-ე წუთზე თელასის კარი გიორგი აფციაურმა აიღო, მე-40 კი, ვახტანგ ჯვარაშვილმა პსპ-ს მეექვსე ბურთი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

​სამი ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგას 9 ქულით თსუ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 7 ქულით თბილისია, მესამეზე კი, თელასი-ჯორჯიანსი 6 ქულით.