სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსი დაიწყო. Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

ახალი Pro ლიცენზიის კურსის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, მწვრთნელთა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვეს. Pro ლიცენზიის მსურველ მწვრთნელებს ონლაინ რეჟიმში ასევე მიმართა უეფას მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ფრენკ ლუდოლფმა.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ დაიწყო Pro ლიცენზიის სწავლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, რადგან უეფამ მოგვცა უფლება მათთან თანამშრომლობით აღნიშული კურსი საქართველოში ჩავატაროთ. ეს არის ყველაზე მაღალი საფეხური სამწვრთნელო საქმიანობაში.

​მსურს ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს თითოეული მათგანისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. სასწავლო პროცესი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება და მონაწილეებს ყველანაირი პირობა ექნებათ იმისთვის, რომ უმაღლესი დონის განათლება მიიღონ. ეს პირველ რიგში მწვრთნელთა განვითარებას შეუწყობს ხელს და ასევე ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელები, რა თქმა უნდა, საქართველოში არიან ასეთი სპეციალისტები, თუმცა არა იმ რაოდენობით რომელიც გვჭირდება."

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის ახალი კურსის დაწყებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. 

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია. სწვალება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმატებას უსურვებს კურსის თითოეულ მონაწილეს. უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება.