სიახლეები

საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი დაიწყო

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

17 აპრილს, ქალთა ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებამ აიღო სტარტი. პირველი შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა. ამ მატჩში, ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი გოლი, მე-12 წუთზე, გასული სეზონის ბომბარდირმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა. შეხვედრის 31-ე წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით, თეონა თოდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. სეზონის სასტარტო შეხვედრა „ლანჩხუთმა“ 2-0 მოიგო.

პირველი 3 ქულა ჩაიწერა სატურნირო ცხრილში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „ნიკემ“, რომელმაც „გორი იუნაიტედი“ 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში, რომელიც სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა, ანგარიში 25-ე წუთზე ტატიანა მატვეევამ გახსნა. „გორი იუნაიტედმა“ მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ, მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე 9-წუთიან მონაკვეთში, 63-ე, 66-ე და 72-ე წუთებზე, „ნიკეს“ გამოცდილმა ფეხბურთელებმა ანა პოღოსიანმა, ლელა ჭიჭინაძემ და ნათია სხირტლაძემ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. 

ამ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომელშიც „მართვე“ და  „ბათუმი“ გატანილი გოლების გარეშე დაზავდნენ - 0-0.

ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმართება. თბილისის „კვარტალი“, ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube არხი შემოგთავაზებთ. 

გათამაშების ცხრილისა და კალენდრის სანახავად ისარგებლეთ ბმულით.