სიახლეები

კვარტალმა და ლანჩხუთმა მეორე ტურის მატჩებიც მოიგეს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

24 აპრილს, საქართველოს ქალთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ორი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ქულების მაქსიმუმით, „კვარტალი“ და „ლანჩხუთი“ლიდერობენ.

მეორე ტური, ხობში, ადგილობრივი „კოლხეთისა“ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს“ დაპირისპირებით დაიწყო. მატჩის პირველი ნახევარი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმში კი, სტუმრები დომინირებდნენ, თუმცა, ამ შეხვედრაში, გოლები არ გასულა და მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, „ნორჩმა დინამომ“. თბილისელებმა „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლეს და 3-0 გაიმარჯვეს. ანგარიში, პირველი ტაიმის მიწურულს, პენალტით მარიამ მოდრეკილაძემ გახსნა. შეცვლაზე შემოსულმა მარი ბეგიაშვილმა, 78-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე კი, ნადეჟდა ნაკვეთაურმა, ამ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და „ნორჩ დინამოს“ პირველი 3 ქულა მოუტანა.

„ლანჩხუთისა“ და „მართვეს“ დაპირისპირება, ტურის ცენტრალური შეხვედრა იყო და ბევრი დაძაბულ ორთაბრძოლას ელოდა. თუმცა, ლანჩხუთელებმა, სასტარტო მღელვარების შემდეგ, მალევე მოახერხეს თამაშის დალაგება და 35-ე წუთზე თეონა ბაქრაძის გოლით დაწინაურდნენ. კიდევ ორ წუთში, თეონა თოდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე ჯერ ნინო ჩხარტიშვილმა გაიტანა გოლი, 64-ე წუთზე კი, თეონა ბაქრაძემ დუბლი გაიფორმა და ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც, დააფიქსირა. „ლანჩხუთმა“ 4-0 გაიმარჯვა.

ქალთა ლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში „ბათუმი“, თბილისის „კვარტალს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0-5 დამარცხდა. ანგარიში, ამალია ხანდაზიანმა გახსნა და „კვარტალი“ დააწინაურა. ამ გოლს მალე, ანასტასია ბოლქვაძის დუბლი მოჰყვა. საბოლოოდ, კი „კვარტალმა“ კიდევ, ორჯერ მოახერხეს „ბათუმის“ კარის აღება და მიმდინარე ჩემპიონატში ქულების მაქსიმუმით და გატანილი ბურთების უკეთესი მაჩვენებლით, პირველ პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ 2 ტურის შემდეგ, 4 გატანილი გოლით, „კვარტალის“ ფეხბურთელი ანასტასია ბოლქვაძე, ბომბარდირთა სიას, ერთპიროვნულად უდგას სათავეში. ამ მომენტისთვის, 2-2 გატანილი გოლი აქვთ თეონა ბაქრაძეს („ლანჩხუთი“), თეონა თოდაძეს („ლანჩხუთი“), ელენე ჩიქოვანს („კვარტალი“).

გათამაშების ცხრილისა და კალენდრის სანახავად ისარგებლეთ ბმულით.