სიახლეები

ორი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ს ხაშურის ივერია და სოხუმის დინამო ლიდერობენ

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

15 მაისს, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ამბროლაურში, ქალთა ჩემპიონატების დებიუტანტი „რაჭა 2020“, სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა. ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, ანგარიში, მეორე წუთზე თამარ წვიმიტაძის გოლით, დინამოელებმა გახსნეს. ამას, 5 წუთში, მასპინძელთა ავტოგოლი მიჰყვა, რამაც რაჭველები ოდნავ დააბნია, სოხუმელებს კი, თავდაჯერება შემატა. „დინამომ“ ტაიმი 0-6 მოიგო. დინამოელთაგან გოლები ანა კულდონაშვილმა (15', 71'), ნონო ჩანგელიამ (29', 41', 56', 74'), ელენე გაზდელიანმა (42'), ნუცა სირაძე (52') გაიტანეს. მეორე ტაიმში, ლაშა რატიანის შეგირდებმა მოახერხეს მობილიზება და მატჩის მიწურულს, რაჭველთა სამმა ნომერმა კესო მეტონიძემ პრესტიჟის გოლიც გაიტანა. საბოლოოდ, სოხუმის „დინამომ“ მეტოქე ანგარიშით 1-10 დაამარცხა და აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.

საინტერესო გამოდგა თამაში ახმეტაშიც.  „ბახტრიონი“, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა სათამაშო უპირატესობას, პირველი ტაიმი, მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. გოლი, გათამაშების დებიუტანტის, საჩხერის „ქარიშხალას“ კარში, თათია სალუქაურმა, მხოლოდ ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში, მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს -  დიანა ბაქრაძემ 49-ე წუთზე და 89-ზე მარიამ ცისკარიშვილმა. თუმცა, საჩხერელებმაც ოდნავ გამოასწორეს თამაში და მასპინძლების მსგავსად, მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა თინათინ ცარციძემ 70-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ნინო ცარციძემ აიღო მასპინძელთა კარი მეორედ, მაგრამ „ქარიშხალამ“ ქულის გადარჩენა ამ ტურში ვეღარ მოახერხა და მატჩი ანგარიშით - 3-2 დასრულდა.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება ჩაიწერა ხაშურის „ივერიამ“. გუნდის მეათე ნომერმა ნინო ბუხრიკიძემ კი, მეტოქე გუნდის კარში ხუთი (5', 8', 30', 40', 84') გოლი გაიტანა და ახლა, ორი ტურის შემდე, 10 გატანილი გოლით უდგას ბომბარდირთა სიას სათავეში. კიდევ, ორი გოლი ხაშურელთაგან, ირმა ლომიძის (25', 85' ) ანგარიშზეა. ძლიერი და გამოცდილი მეტოქის მცდელობების მიუხედავად, ქალთა ლიგა 2-ის დებიუტანტმაც მოახერხა, ამ ტურში ორი გოლის გატანა, 21-ე წუთზე გვანცა ქუხილავამ აიღო მეტოქის კარი, 89-ე წუთზე კი, ელენე თოდუამ, ზუგდიდლებს კიდევ ერთი გოლი შემატა აქტივში. შეხვედრა კი, „ივერიამ“ მოიგო 7-2 და ახლა, ორი ტურის შემდეგ, სოხუმის „დინამოსთან“ ერთად 6-6 ქულით გათამაშებას ლიდერობს.   

ამ ტურის მეოთხე შეხვედრა, რომელიც მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო მცხეთის „დიდგორსა“ და „ზარზმას“ შორის, 26 მაისისთვის გადაიდო.

სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.