სიახლეები

ქალთა ლიგას ლანჩხუთი ქულებით ლიდერობს, ნიკე - გატანილი გოლებით

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

16 მაისს, ქალთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. ხუთი ტურის შემდეგ, კვლავ დაუმარცხებელია „ლანჩხუთი“. ყველაზე მეტი გოლი კი, ამ მომენტისთვის „ნიკეს“ აქვს გატანილი - 21.

თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკემ“, ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლა. ქალთა ჩემპიონატის პრინციპული მეტოქეების მატჩი, გასულ წლებათან შედარებით, ნაკლებდაძაბული გამოდგა. თბილისელებმა, მატჩის სადავეები საწყისი წუთებიდანვე ხელთ იგდეს და ქუთაისურ კლუბს 90 წუთი საკუთარი წესებით თამაში შესთავაზეს. თბილისელთაგან წლის პირველი პოკერი, ქალთა ეროვნული ნაკრებისა და ნიკეს გამოცდილმა თავდამსხმელმა ლელა ჭიჭინაძემ (21’, 47’, 50’, 65’) შეასრულა. სხვა გოლები მაიკო ბებიას (11’, 36’, 60’), ჯოშგუნა ალიევას (90’+6), ტატა მატვეევას (86’) და ანა პოღოსიანის (58’) ანგარიშზეა. სტუმართაგან, ერთადერთი გოლი, შეხვედრის 37-ე წუთზე, ანა ჯანელიძემ გაიტანა. „ნიკემ“ კი, ტრადიციულ და პრინციპულ მეტოქესთან, სეზონის პირველი დაპირისპირებაში 10-1 მოიგო.

„გორი იუნაიტედთან“ მატჩში „ლანჩხუთმა“, მხოლოდ 30-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. გოლი, თეონა თოდაძემ გაიტანა. კიდევ, 8 წუთში, შეხვედრის 38-ე წუთზე, უკვე ხატია ჭყონიამ მოახერხა მასპინძლეთა კარის აღება და ანგარიშის ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში,  გორელებმა ვითარების გამოსწორება სცადეს და ელენე ენჯიბაძემ, 75-ე წუთზე, ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე დაყვანაც მოხერხა. თუმცა, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა მატჩი, 1-3 მოიგო. ამ შეხვედრაში, ბოლო გოლი, 90-ე წუთზე 11-მეტრიანით თეონა თოდაძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში, ხობის „კოლხეთი“ სტაბილურად ასპარეზობს. ზურაბ ლატარიას გუნდი, 5 ტურის შემდეგ, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს „ნიკესთან“ და „კვარტალთან“ ერთად. დღევანდელ მატჩში კი, „კოლხეთმა“, ანგარიშით 4-1 „ბათუმი“ დაამარცხა. თამუნა თავდიშვილმა, მასპინძლები შეხვედრის მე-20 წუთზე დააწინაურა. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, აჭარლებმა, თათია შაინიძის გოლით, ანგარიში გაათანაბრეს. ხობელთა გამოცდილ გოლეადორს, თამრიკო სალუქვაძეს, სტატუს-კვოს აღსადგენად სულ 7 წუთი დასჭირდა. მატჩის მიწურულს კი, ჯერ მანონი საღარაძემ 73-ე წუთზე, ხოლო შემდეგ, 87-ე მარიამ შონიამ, ბათუმელთა კარში კიდევ, ორი გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.  

ფრედ, 1-1 დასრულდა ტურის ბოლო შეხვედრა, თბილისში, სფფ-ს ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში. თბილისურ დერბიში, „კვარტალმა“, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა ქულის გადარჩენა. ამალი ხანდაზიანმა, საკუთარ გუნდს, საჭირო ქულა, 94-ე წუთზე მოუტანა. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა.  „ნორჩი დინამოს“ რიგებში, შეცვლაზე შემოსულმა გამოცდილმა მარიამ ბასილაძემ, ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა.

ხუთი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში 7  გატანილი გოლით კვლავ, „ნიკეს“ ფეხბურთელი, ჯოშგუნა ალიევა ლიდერობს. 5-5  გოლით, მეორე-მესამე პოზიციაზე „კვარტალის“ მოთამაშე ანასტასია ბოლქვაძე და „ნიკეს“ ფეხბურთელი ლელა ჭიჭინაძე არიან. 

ქალთა ლიგის მომდევნო, მეექვსე ტური 22 მაისს არის დაგეგმილი.

სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი, იხილეთ ბმულზე.