სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ს 12 ქულით სოხუმის დინამო ლიდერობს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

29 მაისს, საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის მეოთხე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, სოხუმის „დინამომ“ გასვლაზე, ახმეტის ცენტრალურ სტადიონზე, ადგილობრივი „ბახტრიონი“, დიდი ანგარიშით, 0-6 დაამარცხა და აქტივში, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. ანგარიში სტუმრებმა პირველ ტაიმში, მე-19 წუთზე, თეკლა ბურჯანაძის გოლით გახსნეს, თუმცა, ამ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ნახევარში კი, დინამოელებმა კიდევ 5 გოლის გატანა მოახერხეს. აქედან ოთხი, 9 წუთიან მონაკვეთში - 61-ე წუთზე ელენე გაზდელიანმა გაიტანა, 62-ე და 71-ე წუთებზე ლიზი გომელაურმა, 69-ე წუთზე კი, ნინო ჩანგელიამ. ბოლო გოლი კი, 85-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსული ნუცა სირაძის ანგარიშზეა. ახლა, 4 ტურის შემდეგ, სოხუმის „დინამოს“ 4 თამაშიდან, 4 მოგება აქვს და ლიგას, 12 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

4 ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ის გათამაშებაში, მეორე-მესამე საფეხურებს 7-7 ქულით, ხაშურის „ივერია“ და ზუგდიდის „ფენიქსი“ იკავებენ. აღსანიშნავია, რომ ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების დებიუტანტმა, „ფენიქსმა“, 4 ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, მეორე ტურში „ივერიასთან“, ერთი ფრედ ითამაშა და მეორე მატჩი, სწორედ, მეოთხე ტურში მოიგო. ზუგდიდელებმა, საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით 0-1, ადგილობრივი „ქარიშხალა“ დაამარცხეს. ამ მატჩში, ერთადერთი გოლი, მე-18 წუთზე, გვანცა ქუხილავამ გაიტანა.

ფრედ, 1-1 ითამაშა, ხაშურში, ცხრა მუხის სტადიონზე „ივერიამ“, „ზარზმასთან“. ამ შეხვედრაშიც წინას მსგავსად, გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში, მე-11 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ახალციხელები, ანა ბებნაძემ დააწინაურა. თუმცა, მასპინძლებმა, მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მე-17 წუთზე, გოლი, თამთა დიხამინჯიას ანგარიშზეა.

ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა მცხეთის „დიდგორსა“ და „რაჭა 2020“-ს შორის, მოგვიანებით გაიმართება. მანამდე კი, მცხეთელებს 1 ივნისს, მეორე ტურის გამოტოვებული მატჩის გამართვა უწევთ მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე „ზარზმას“ წინააღმდეგ.

ქალთა ლიგა 2-ის მომდევნო, მეექვსე ტური კი 6 ივნისს არის ჩანიშნული.

ოთხი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ის ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურება: ნინო ბუხრიკიძე („ივერია“) - 10 გოლი, ნინო ჩანგელია („დინამო სოხუმი“) - 8 გოლი, ირმა ლომიძე („ივერია“)  - 6 გოლი.

ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.