სიახლეები

ქალთა ფეხბურთის განვითარების 4-წლიანი სტრატეგია

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ექსპერტების ჩართულობით ქალთა ფეხბურთის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიული დოკუმენტი შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია.

?ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს. 2016 წლიდან ჩვენ აქტიურად ვემსახურებით ამ მიზანს. ჩამოყალიბდა რეგულარული ეროვნული ჩემპიონატი და იმართება პროექტები, რომლებიც გოგონათა ფეხბურთის განვითარებას ემსახურება და მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ჩვენი მიზნობრივი აქტივობებისა და პროექტების შედეგია ის, რომ დღეს 1600-ზე მეტი გოგონა ფეხბურთელი გვყავს, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს ციფრი 120-ს არ აღემატებოდა.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ შევძლოთ ქალთა ფეხბურთის სრული პოტენციალის გამოყენება. სტრატეგიის შემუშავება საქართველოში ქალთა ფეხბურთისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენს და სრულიად შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს დასახული.“

?ნიკოლოზ ჯღარკავა - სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი: „ხუთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა ფეხბურთის განვითარების გრძელ და რთულ გზას დაადგა. თავისი ჰოლისტური მიდგომით ფედერაციამ მომდევნო სტრატეგიული პერიოდისთვის მყარი საფუძველი ჩამოაყალიბა. აღნიშნული გზის დასაწყისში, ჩვენი ქალი ფეხბურთელებისთვის კონკურენტუნარიან მატჩებში მონაწილეობის ერთადერთ პლატფორმას წარმოადგენდა საერთაშორისო ტურნირების შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობდა ქალთა ეროვნული ლიგა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრი. სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის განვითარების წამყვანი პროგრამის მეშვეობით ჩვენ მნიშვნელოვნად გარდავქმენით ზემოაღნიშნული გარემო.

ქალთა ფეხბურთის მყარი საფუძვლის ჩამოყალიბების შემდეგ, სფფ-მ უნდა გააგრძელოს მმართველი ორგანოს როლის შესრულება და უზრუნველყოს ქალებისა და გოგონებისთვის ჩართულობის შესაძლებლობა, რათა შემდგომ ისარგებლოს ამ ჩართულობით შექმნილი იმპულსით. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ გავჩერდეთ და მიღწეულით დავკმაყოფილდეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და ავიყვანოთ ქალთა ფეხბურთი შემდეგ საფეხურზე. ჩვენ ამას მივაღწევთ მეტი რესურსის ჩადებით, უფრო მკაფიო ხედვის შემუშავებით, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობით და უეფას ქსელიდან საუკეთესო პრაქტიკის გადმოღებით, ჩვენივე პროექტების, კვლევებისა და ანალიზის განსახორციელებლად.

სწორედ ამიტომ, სფფ-მ შეიმუშავა საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია. მოხარული ვართ, ამ დოკუმენტის საშუალებით გაგიზიაროთ ჩვენი გეგმები, რათა სულ უფრო მეტ გოგონას მივცეთ ჩვენ ფეხბურთში ჩართვის სტიმული.“

სტრატეგიის მთავარი მიზანია შეიქმნას ძლიერი დამხმარე სტრუქტურა საზოგადოებრივ ადგილებსა და კლუბებში, რაც ჩვენს მწვრთნელებს, მსაჯებს და მოხალისეებს მისცემს განვითარებისა და ზრდის საშუალებას. გრძელვადიანი წარმატებისთვის საჭიროა პარტნიორებთან ერთად ქალთა ფეხბურთის პოზიტიური და ინსპირაციული იმიჯის შექმნა და უსაფრთხო, მდგრადი გარემოს ჩამოყალიბება ყველა გოგონასა და ქალისთვის, ვისაც თამაში სურს.

ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია სფფ-ის XXXI ყრილობაზე მოხდა, მისი ელექტრონული ვერსიის ხილვა კი, მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ. 

ასევე იხილეთ | სფფ-ის 31-ე ყრილობა