სიახლეები

ქალთა ლიგის მეცხრე უხვგოლიანი ტური

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

უხვგოლიანი გამოდგა ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონის მეცხრე ტური. 3 ივნისს გამართულ ოთხ შეხვედრაში, საერთო ჯამში 27 გოლი გავიდა. ორი შეხვედრა, ქუთასისა და თბილისში კი, ერთნაირი ანგარიშით 9-0 დასრულდა.

ქუთაისში, „სარაგბო კომპლექსის“ მოედანზე, ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა დროის ჩემპიონები „მართვე“ და „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ. ლანჩხუთელთაგან განსხვავებით, რომლებიც ამ ტურის შემდეგაც დაუმარცხებლები არიან, ქუთაისელების ასპარეზობა, მიმდინარე სეზონში არ არის სახარბიელო. ამ ტურშიც პირველი გოლი მასპინძელთა კარში მე-5 წუთზე გავიდა. გოლის ავტორმა, ირინა ხაბურზანიამ, ამ შეხვედრაში დუბლი 75-ე წუთზე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ხაბურზანიას გარდა, დუბლი ხატია ჭყონიამ (11’, 86’), თეონა თოდაძემ (19’(პენ), 74’) და თეონა ბაქრაძემ (16’, 59’) გაიფორმეს. კიდევ ერთი გოლი,  მარიამ კალანდაძემ (32’) გაიტანა. „ლანჩხუთმა“ პირველი ტაიმი 0-5, მატჩი კი, 0-9 მოიგო და კვლავ, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავას 11 გატანილი გოლით თეონა ბაქრაძე ლიდერობს.

9-0 გაიმარჯვა „კვარტალმა“ თბილისში, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში. თბილისელები, „ბათუმს“ უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშით 6-0 უგებდნენ. წინა მატჩების მსგავსად, ახლაც, „კვარტალმა“ თამაშის შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცა.  მათგან ორმა, ლიზი კანკიამ - ერთი გოლი გაიტანა, ელენე ჩიქოვანმა კი, ჰეთ-თრიქი შეასრულა. დუბლი გაიფორმა ანასტასია ბოლქვაძემაც, თითო გოლი კი, ნინო პასიკაშვილმა, ამალი ხანდაზიანმა და მარიამ ფეროიანმა გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ, „კვარტალმა“ 20 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში,  მეორე ადგილი გაიმყარა და უშუალო მდევარს, „ნიკეს“, 3 ქულით გადაასწრო.

„ნიკემ“ კი, მე-9 ტურის მატჩი ყველასთვის მოულოდნელად, ხობის „კოლხეთთან“ ანგარიშით,  2-3 დათმო. თბილისში, გლდანის საფეხბურთო ცენტრში, ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-8 წუთზე გოლი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. 45-ე წუთზე, თამუნა თავდიშვილის გოლით, ხობელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმში კი, 66-ე და 74-ე წუთებზე, თამრიკო სალუქვაძის გოლებით, სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს საფიქრალი გაუჩინეს. დარჩენილ დროში, „ნიკემ“, მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, 87-ე წუთზე, სხვაობა ტატა მატვეევამ შეამცირა, თუმცა, თბილისელებმა, მატჩის გადარჩენა, ვეღარ მოახერხეს.

მარტივად, 0-4 მოიგო შეხვედრა გასვლაზე „ნორჩმა დინამომ“. გორში, „გორი პარკის“ სტადიონზე, „გორი იუნაიტედის“ კარში,  მე-19 წუთზე, ნინო ჯგუშიამ გაიტანა.  კიდევ, 6 წუთში, 25-ე წუთზე, მარიამ მოდრეკილაძემ ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი და თბილისელები, ორბურთიანი უპირატესობით, წინ გაიყვანა. ტაიმის მიწურულს, ერთი გოლი, მარიამ ჯანიკაშვილმა, მე-40 წუთზე გაიტანა და „ნორჩმა დინამომ“ პირველი ტაიმი 0-3 მოიგო. თბილისელებმა, მეორე ტაიმში, კიდევ ერთი გოლი, 68-ე წუთზე გაიტანეს. დუბლი, ჯანიკაშვილმა გაიფორმა. 9 ტურის შემდეგ, „ნორჩი დინამო“ 13 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ამ ტურის შემდეგ, ქალთა ლიგაზე სანაკრებო შესვენებაა. შესაბამისად, ასპარეზობაც ამ შეკრების დასრულების შემდეგ განახლდება.

ქალთა ლიგის კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.