სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ში მეექვსე ტურის ყველა თამაში სტუმრება მოიგეს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

12 და 13 ივნისს, ქალთა ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე თამაშში სტუმრებმა გაიმარჯვეს. გათამაშებას კი, კვლავ, ქულთა მაქსიმალური რაოდენობით, სოხუმის „დინამო“ ლიდერობს.

ქალთა ლიგა 2-ში მეექვსე ტური, იღბლიანი გამოდგა ქალთა ჩემპიონატების დებიუტანტისთვის „რაჭა 2020“-სთვის. ამბროლაურელებმა, ამ ტურში, პირველი გამარჯვება მოიპოვეს. რაჭველებმა ანგარიში, სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნეს, გოლი, ნინო მაისაშვილმა გაიტანა. სტუმრებმა, 6 წუთში, კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. თავი, ამჯერად, ნანა კოპალიანმა გამოიჩინა. კიდევ ერთი შანსი, „რაჭა 2020“-მა, შეხვედრის ბოლო წუთზე გაანიავა. 11-მეტრიანი კესო მებონიძემ გააცუდა. თუმცა, ამ მომენტამდე, 82-ე წუთზე, ახმეტელთაგან, ერთი გოლის გაქვითვა მარიამ ცისკარიშვილმა მოახერხა. „რაჭა 2020“-მა, მიმდინარე და მათვის სადებუტო გათამაშებაში, ახმეტის „ბახტრიონი“ 1-2 დაამარცხა და პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

12 გოლი გაიტანა მცხეთში, „დიდგორის“ კარში, ხაშურის „ივერიამ“. აქედან, აღსანიშნავია, რომ 7 გოლი, ნინო ბუხრიკიძის ანგარიშზეა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელს, მიმდინარე ჩემპიონატში, თითო მატჩში, მინიმუმ 3 ბურთი გააქვს. ბომბარდირთა დავაში კი, 25 გატანილი გოლით, ლიდერობს. ქალთა ლიგა 2-ის გოლეადორთა შორისაა, ირმა ლომიძე, რომელმაც ამ ტურში 5 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა, პირველივე ტაიმში კომფორტული სხვაობით წაიყვანეს ანგარიში, მშრალად არც მათი კარი შენახულა. ანა მიდელაშვილმა (7’) და ანი ალავერდაშვილმა (17’) მაინც მოახერხეს, ხაშურელთა კარის აღება. ივერიამ კი, თამაში 2-12 მოიგო.

ერთმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის ბედი საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე, „ქარიშხალასა“ და ახალციხის „ზარზმას“ დაპირისპირებაში. 25-ე წუთზე, თინათინ ბლუაშვილმა, 11-მეტრიანი გაიტანა და ახალციხელებს მნიშვენოვანი 3 ქულა მოუტანა. „ზარზმამ“, მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა.

ტურის ბოლო შეხვედრა, 13 ივნისს, ზუგდიდში გაიმართა. დაძაბულ ორთაბრძოლაში „ფენიქსსა“ და სოხუმის „დინამოს“ შორის 1 ბურთით, სტუმრებმა გადაძალეს და 2-3 გაიმარჯვეს. ანგარიში, მე-7 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. გოლი, ევლინა მანჯგალაძემ გაიტანა. 10 წუთში კი, გუნდებმა გოლები გაცვალეს, ჯერ ნინო ჩანგელიამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი, სოფო კვარაცხელიამ ზუგდიდელები კვლავ დააწინაურა და „ფენიქსმაც“ პირველი ტაიმი მოიგო. თუმცა, დინამოელებმა, შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო აქტიურად დაიწყეს და 65-ე წუთზე, ლიზი გომელაურმა კიდევ ერთხელ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრა საყაიმო დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ანა კულდონაშვილმა, ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი და სოხუმელებს, საშუალება მისცა, მოგებათა სერია გაეგრძელებინა.

გათამაშების ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.