სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ზე პირველი წრე დასრულდა!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგა 2-ში, მეშვიდე ტურის შემდეგ, ლიდერი უცვლელია. სოხუმის „დინამო“, გათამაშებას ქულების მაქსიმუმით ლიდერობს.

სოხუმელებმა, მე-7 ტურის დასკვნით მატჩში, თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში, ანგარიშით 5-1, მცხეთის „დიდგორი“ დაამარცხეს. შეხვედრაში კი, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-20 წუთზე, გოლი ნუნუ შერაზადიშვილმა გაიტანა. დინამოელებმა, მხოლოდ, 35-ე წუთზე, ანა კულდონაშვილის გოლით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, 38-ზე კი, მცხეთელებმა, საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი და მასპინძლებიც, ამ შეხვედრაში პირველად დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს, კი ელენე გაზდელიანის გოლის შემდეგ, სოხუმელები, შესვენებაზე, კომფორტული ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში, ნინო ჩანგელიას დუბლით (55’, 89’) კი, დინამომ მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

მეორე თამაში მოიგო, ქალთა ლიგის დებიუტანტმა „რაჭა 2020“-მა. რაჭველები, ნინო მაისაშვილის სწრაფი გოლით, მე-9 წუთზე დაწინაურდნენ. კიდევ ერთი გოლი, თინათინ სილაგაძემ, 27-ე წუთზე გაიტანა და ამბროლაურელებიც, ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. საჩხერის „ქარიშხალამ“, ქალთა ლიგა 2-ის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, მალევე მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა, თუმცა, ქრისტინე ცარციძის გატანილი გოლი, ამ შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „რაჭა 2020“-მა, 2-1 გაიმარჯვა.

ფრედ, 1-1 ითამაშა საშინაო შეხვედრა, „ზარზმამ“, გათამაშების მესამე დებიუტანტთან, ზუგდიდის „ფენიქსთან“. ამბროლაურში გამართული, მე-7 ტურის შეხვედრის მსგავსად, ანგარიში ახალციხეშიც მე-9 წუთზე გაიხსნა. მასპინძლები მარიამ ოთანაძემ დააწინაურა. თუმცა, 4 წუთში სტუმართა კაპიტანმა, ანა გაბედავამ, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. დარჩენილ დროში, ორივე გუნდი ეცადა, ანგარიშის შეცვლას, თუმცა, ამ  შეხვედრაში, მეტი გოლი აღარ გასულა.

გოლების რეკორდული რაოდენობა გავიდა ხაშურის „ივერიისა“ და ახმეტის „ბახტრიონის“ დაპირისპირებაში. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, აქ ანგარიში მე-7 წუთზე, ქალთა ლიგა 2-ის გოლეადორმა, ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეტოქის კარი, ნინომ, კიდევ ოთხჯერ (41’, 63’, 77’, 81’) აიღო. 7 ტურის შემდეგ, კი ხაშურელი ფეხბურთელი, 30 გატანილი გოლით, ქალთა ლიგებში, ამ მომენტისთვის მიუწვდომელია. თანაგუნდელს, მხარი აუბა და ხუთი გოლი გაიტანა თამარ მოდებაძემაც (37’, 40’, 49’, 51’, 86’), თითო გოლი კი, ირმა ლომიძემ (9’), თამთა დიხამინჯიამ (53’), ლიზი ნიშნიანიძემ (71’), სალომე ლაგვილავამ (73’) და ნინო გელაშვილმა (76’) გაიტანეს. საერთო ჯამში, ხაშურის „ივერიამ“ 15 გოლი გაიტანა და მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარი რეკორდი (13 გოლი ერთ მატჩში) გააუმჯობესა. რაც შეეხება, სტუმრებს, მათ, ხაშურელთა უპირატესობის მიუხედავად, ორი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. დუბლი (21’, 35’ (პენ.)) მარიამ ცისკარიშვილმა შეასრულა.  „ივერიამ“ კი, შეხვედრა, 15-2 მოიგო.

გათამაშების ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.

მე-7 ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ში პირველი წრე დასრულდა და შესვენება გამოცხადდა. თუმცა, გუნდებს, საქართველოს თასის გათამაშებაში მოუწევთ მონაწილეობა.