სიახლეები

ფეხბურთის გამაერთიანებელ ძალას შეუძლია ბარიერების დამსხვრევა და თემების აშენება

სფფ
გაუზიარე
  • უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წევრი ასოციაციების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს სტატია მიუძღვნა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ მიმართულებით სფფ-ის მუშაობა გამორჩია. სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ევრო 2020 ასრულებს მოწინავე როლს ევროპულ ქვეყნებში ფეხბურთის მეშვეობით დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობაში

უეფა ყოველ წელს ევროპის ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავლებიდან 100,000 ევროს უნაწილებს თითოეულ მის წევრ ასოციაციას სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განსახორციელებლად. ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ აღნიშნული პროგრამები ფეხბურთის მეშვეობით ხელს უნდა უწყობდნენ პრინციპულ გლობალურ პრობლემებთან ბრძოლას.

„როდესაც შენს სპორტს მილიონობით ადამიანი უყურებს და თამაშობს, მაშინ შენს ქმედებებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე“, ამბობს უეფა-ს სოციალური პასუხისმგებლობის განყოფილების უფროსი მიკელე უვა. „ჩვენ გვჯერა, რომ ფეხბურთს შეუძლია წამყვანი როლი შეასრულოს ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ქცევის შეცვლაში.

„წელს ჩვენ 12 მილიონ ევროს ჩავდებთ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობათა ხელშეწყობაში. ჩვენთვის ეს არის ინვესტიცია მომავალში - როგორც ფეხბურთის, ისე საზოგადოების სასიკეთოდ“.

მხოლოდ 2019/2020 წწ. სეზონში ევროპის 46-მა ასოციაციამ უეფა-ს მიერ გამოყოფილი ფული ჩადო მარგინალიზებული ჯგუფებისთვის (ლტოლვილებისთვის, შშმ პირებისთვის, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული პირებისთვის, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებისთვის, პატიმრებისა და ობოლი ბავშვებისთვის) თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე მიმართულ პროექტებში.

საქართველო | ნიკოლოზ თევდორაძე, სფფ-ის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი

რა არის თქვენი პროექტის სახელწოდება?

„საქართველოს ამპუტანტთა ლიგა და თასი.“

რატომ არის თქვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ამპუტანტ ფეხბურთელებზე ფოკუსირებული ?

„საქართველოში ჩვენ გვყავს ბევრი ამპუტანტი ფეხბურთელი, რომლებმაც ომის ან უბედური შემთხვევების შედეგად მიიღო დაზიანება. ჩვენი ფედერაცია გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას, დაეხმაროს ამ მოთამაშეებს. პირველ რიგში ჩვენ მათთვის უზრუნველვყოფთ სავარჯიშო და სათამაშო პირობებს, ხოლო ჩვენი მეორე მიზანია მათი გაწევრიანება საფეხბურთო საზოგადოებაში.

„ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში ყველა ადამიანს მიეცეს პროფესიულ ან სამოყვარულ დონეზე უსაფრთხო გარემოში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა. ამპუტანტთა ლიგისა და თასის შეჯიბრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შშმ პირებისთვის შესაძლებელია საზოგადოებაში ინტეგრაცია.“

როგორ ფუნქციონირებს ეს პროექტი?

„ამპუტანტთა ჩემპიონატში ყოველწლიურად ჩართულია ექვსი გუნდი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს 5 ქალაქს. ამპუტანტთა თასის გათამაშებაში ეს ექვსი გუნდი იყოფა ორ ჯგუფად (აღმოსავლეთი და დასავლეთი), ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში ხვდებიან. სეზონის ბოლოს ჩვენ ასევე ვატარებთ სუპერთასის გათამაშებას, სადაც ამპუტანტთა ლიგისა და თასის გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან.

„უეფა-ს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება.“

რა არის ამ პროექტის ყველაზე დიდი წარმატება?

„ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად თბილისში ამპუტანტთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშების ჩატარება.

„ეს იყო მართლაც დაუვიწყარი მომენტი ექვსი მონაწილე გუნდისთვის. ესენი იყო „ევერტონი“ (ინგლისი), „კორკ სიტი“ (ირლანდია), „ორტოტეკი“ (თურქეთი), „დინამო-ალტაი“ (რუსეთი), „ლეგია“ (პოლონეთი) და ჩვენი აფკ „თბილისი“ (საქართველო).

„მხოლოდ ჩვენ ამპუტანტ ფეხბურთელთა სიხარულის დასანახად ღირდა ამ შეჯიბრის ჩატარება.“