სიახლეები

სოხუმის დინამო 9 ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ლიგა 2-ში, მეცხრე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

თბილისში, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, სოხუმის „დინამომ“, ანგარიშით 4-1  ამბროლაურის „რაჭა 2020“ დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც მათ გახსნეს. მე-14 წუთზე, შედეგიანი დარტყმა ნუცა სირაძემ შეასრულა. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ელენე გაზდელიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა. თავად, ელენემ, 88-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, სოხუმელთაგან, 62-ე წუთზე ელენე ომიაძემ და 79-ე წუთზე რაჭველთაგან კესო მეტონიძემ გოლები გაცვალეს.  მე-9 ტურის შემდეგ, სოხუმის „დინამო“ კვლავ, ქულების მაქსიმუმით ლიდერობს.  

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი საჩხერეში, სადაც „ქარიშხალამ“, ანგარიშით 6-2, „ბახტრიონი“ დაამარცხა. შეხვედრაში, მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე, სწრაფი გოლით გახსნეს. მისმა ავტორმა, მარიამ შეყლაშვილმა, საერთო ჯამში, ჰეტ-თრიკის შესრულებაც მოახერხა, თუმცა, პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. ტაიმის მიწურულს ახმეტელთაგან, მარიამ ცისკარიშვილმა აღადგინა წონასწორობა. მეორე ტაიმში, შეყლაშვილის გარდა, გოლები ქრისტინე ცარციძემ (66’, 81’) და დიანა ღამბაშიძემ (70’) გაიტანეს. სტუმართაგან კი, კიდევ ერთხელ, მარიამ ცისკარიშვილმა მოახერხა „ქარიშხალას“ კარის აღება.

ამ ტურის ორი შეხვედრა, "ფენიქსსა" და "ივერიას", ასევე, „ზარზმასა“ და „დიდგორს“ შორის გადაიდო და მოგვიანებით ჩატარდება.

გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქალთა ლიგა 2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები, 4 სექტემბრის შემდეგ გაიმართება.