სიახლეები

სამუშაო შეხვედრა თბილისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან

გაუზიარე

10 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფი წარუდგინეს, რომელსაც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული უხელმძღვანელებს. აღნიშნული ჯგუფის მთავარი მიზანია გააკონტროლოს, რამდენად აკმაყოფილებენ საფეხბურთო სკოლები კატეგორიზაციის მოთხოვნებს, მომუშავე მწვრთნელები იცავენ თუ არა უეფას მწვრთნელთა კონვენციის პრინციპებს და უზრუნველყოფილია თუ არა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო. ჯგუფი ასევე დაინტერესდება ინფრასტრუქტურის მდგომარეობით და ადგილზე არსებული საფეხბურთო ინვენტარით. 

"მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბების მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ვარჯიშობდნენ, შესაბამისი კვალიფიკაციის მწვრთნელებთან, რათა მომავალში პროფესიონალ და უკეთეს ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ". - აღნიშნა გოჩა ჯამარაულმა. 

აღნიშნული თემის გარდა, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მწვრთნელთა განათლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და სხვა არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებმა ფეხბურთის ფედერაციას ბავშვთა ფეხბურთი განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრება წარუდგინეს. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ორგანიზაციის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

სასტუმრო შერატონში გამართულ სამუშაო შეხვედრას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ მაისურაძე, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ ცაავა და საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი, გოჩა ჯამარაული ესწრებოდნენ. 

საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის სამსახურის მუშაობის პარალელურად, სფფ-ის ორგანიზებით მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.