სიახლეები

C ლიცენზია - განახლებული სტატუსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციაში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

უეფა-ს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების შეფასება მოხდა. უეფა-ს განვითარებისა და ტექნიკური კომიტეტისა და ჟირა პანელის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიღებული C ლიცენზია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სრულ შესაბამისობაშია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

ზაზა ზამთარაძე, სფფ-ის ტექნიკური დირექტორი: „ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება უეფას მხრიდან. იცით, რომ უკვე რამდენიმე წელია საქართველო უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და ჩვენ გვაქვს მწვრთნელთა განათლების ყველა საფეხურის საქართველოში ჩატარების უფლება და აქ მიღებულ ლიცენზიას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ქართველ სპეციალისტებს საშუალება აქვთ მწვრთნელთა განათლების უმაღლეს საფეხურს, PRO ლიცენზიას დაეუფლონ. კურსები უეფას ჩართულობით ჩვენი სპეციალისტების მიერ იმართება.

უეფა-ს ჟირა პანელის წევრის კრის ვან დერ ჰააგენისა და სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ვასილ მაისურაძისა და მენეჯერის გიორგი გეგუჩაძის აქტიური თანაშრომლობის შედეგად, მოხდა ჩვენს მიერ ორგანიზებული კურსების შეფასება და ჩვენს მიერ გამართული უეფა-ს C ლიცენზიის კიდევ ერთხელ აღიარება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის, აღნიშნული მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე, კვალიფიციური მწვრთნელები საქართველოში."