23-25 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეექვსე, დასკვნითი მოდული გაიმართა.
ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა მიიღეს ინფორმაცია სტანდარტული სიტუაციების შესახებ, წარმოადგინეს სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია, მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სესიებში და ტესტირებაში ფიტნესის და ფეხბურთის თეორიის თემატიკაზე. კურსის მსმენელებს საკუთარი გამოცდილება სპეციალურმა სტუმარმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გაუზიარა.
29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მწვრთნელები მონაწილეობას მიიღებენ საგამოცდო სესიაში პრაქტიკული სესიის ჩატარების კუთხით და წარმატების შემთხვევაში A ლიცენზიის მფლობელები გახდებიან.
შეგახსენებთ, რომ კურსი უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის სტანდარტების შესაბამისობაში მიმდინარეობს.
A ლიცენზიის ახალი კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე დაანონსდება. მონაწილეებს გასაუბრებაზე რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაიბარებენ.