საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის წლის პირველი კურსი დაიწყო. 13-დან 16 ივლისის ჩათვლით, კურსის პირველი მოდული ჩატარდა.
მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ქოუჩინგი, შეტევა (ზონა 1), ორთაბრძოლა, ძალა, კოორდინაცია, მეკარის ტექნიკური მომზადება, თავდაცვა (ზონა 3). საფეხბურთო ფიტნესის შესახებ მსმენელებს ინფორმაცია ოთარ საბანაძემ მიაწოდა. მოდულის თეორიულ ნაწილს დავით პეტრიაშვილი არენამ უმასპინძლა, ხოლო პრაქტიკულს - ტექნიკურმა ცენტრმა ბასამ.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი ოთხი 4-დღიანი მოდულისგან შედგება, რაც უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია. მიმდინარე კურსზე 25 მონაწილე ირიცხება.
მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.