სიახლეები

მამების თასი და მემორანდუმი UNFPA-სთან

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის და ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ და უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში მამებისა და შვილების საფეხბურთო ტურნირი - „მამების თასი“ გაიმართა. 

ტურნირის გახსნამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა, ჰასან მოჰთაშამიმ. ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრო შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

„მამების თასი“ 2017 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში დაარსდა და წლიდან წლამდე მის მიმართ მამებისა და შვილების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. Covid19-ის პანდემიის გამო, ტურნირი 2020-2021 წლებში ვერ ჩატარდა. 2022 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „მამების თასმა“ კვლავ უმასპინძლა გუნდებს. 

„მამების თასი 2022”-ში მონაწილეობა 24-მა გუნდმა მიიღო. მამები, რომლებიც მწვრთნელების ამპლუაში იყვნენ, ტურნირზე 8-12 წლის გოგონებისა და ბიჭებისგან თანაბარი რაოდენობით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგინეს.

ტურნირში მონაწილეობა უფასო იყო. „მამების თასის” ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო მაისურები, გამარჯვებულ სამ გუნდს კი ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზები და ბავშვთა გასართობი ცენტრის ვაუჩერები. ტურნირის ჩემპიონი, "იბერია 2010" სპეციალური თასით დაჯილდოვდა.   

ღონისძიება ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც  შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. 

კამპანია „კაცები ზრუნავენ“  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა კაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.

? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ძალიან გვიხარია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წლების წინ დავიწყებთ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ბოლო წლებში ვერ ვახორციელებდით. 

დღევანდელი ღონისძიება, "მამების თასი", არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ამ ორგანიზაციასთან ერთად ვატარებთ. მადლობა მინდა გადავუხადო შვედეთის საელჩოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გაგვაჩნია საერთო ღირებულებები - ბავშვებისთვის, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ეს არის ჩვენი ხედვა წლების განმავლობაში და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორები გვყავს.

გაეროს მოსახლეობის ფონდთან გავაფორმეთ მემორანდუმი და მომავალში უფრო გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას, უფრო მეტ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას. მათ შორის, პირველ რიგში მოთამაშეებს, როგორც ბიჭებს, ისე გოგოებს“.