საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოში UEFA-ს მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო.
როგორც სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარძემ აღნიშნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელთა განათლების მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სეზონიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მონაწილე კლუბების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის უფლება მხოლოდ PRO-ლიცენზიის მქონე ფეხბურთის სპეციალისტს ექნება. აღნიშნული კურსი კი, მწვრთნელებს დაეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.
პრო ლიცენზიის კურსი, რომელიც საქართველოში მეოთხედ იმართება, ახალი ფორმატით მიმდინარეობს. უეფა-ს გადაწყვეტილებით, შემცირდა კურსის ხანგრძლივობა და მონაწილეები 9 მოდულს (თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას) გაზრდილი სასწავლო დღეების ხარჯზე 2 წლის ნაცვლად 18 თვეში გაივლიან.
კურსის დასაწყისში, მონაწილეებს სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართა და წარმატება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა უეფა-ს ნდობისა და აღიარებისთვის.
PRO ლიცენზიის ახალი კურსში მონაწილეობას იღებენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. შესაბამისად, სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატების დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.