12–14 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, სფფ-ის ნუცუბიძის ტექნიკურ ცენტრში სამდღიანი საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებაში სოციალური პროექტების „ფეხბურთი ყველას“ და „ფეხბურთი გვაერთიანებს“, ჯამში 80 ბენეფიციარი მონაწილეობდა.
პროექტი „ფეხბურთი გვაერთიანებს“ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი, ასევე უკრაინიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის კვირაში სამჯერ საფეხბურთო ვარჯიშები ტარდებოდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მხარდაჭერით, ასევე UEFA Football and Refugees Grant-ის დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში 9-დან 15 წლამდე ასაკის დევნილებს, ასევე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილ ბავშვებს, მთელი წლის განმავლობაში საფეხბურთო ვარჯიშებს ლიცენზირებული მწვრთნელები უტარებდნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“. ამავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შედგა პროექტი „ფეხბურთი ყველას“, რომელიც ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის იყო განკუთვნილი და მოიცავდა კვირაში სამჯერად საფეხბურთო ვარჯიშებს.