ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. 2025 წელს მიღებული განახლებების შედეგად, გამოცდა ორის ნაცვლად, წელიწადში ერთხელ, დისტანციურ ფორმატში იმართება. ამასთან, აღსანიშნავია რომ ამავე წლიდან, წინად არსებულ სამ საგამოცდო ენას (ინგლისური, ფრანგული, ესპანური) დაემატა გერმანული ენა.
ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდა კვლავინდებურად ღია ტიპის იქნება, რაც გულისხმობს რომ კანდიდატებს გამოცდის მსვლელობისას ექნებათ წვდომა ფიფას ოფიციალურ სასწავლო მასალებზე. მოცემული სასწავლო მასალა ექვემდებარება ფიფას მიერ პერიოდულ განახლებას, შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა თვალყური უნდა ადევნონ ფიფას პლატფორმაზე განთავსებულ შესაძლო სიახლეებს, სასწავლო მასალის უახლეს ვერსიასთან დაკავშირებით.
ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებად, მსურველი ფიზიკური პირი:
გრაფიკით დადგენილ ვადაში უნდა დარეგისტრირდეს ფიფას საფეხბურთო აგენტების პლატფორმაზე და სრულად შეავსოს ონლაინ განაცხადი;
· დააკმაყოფილოს დაშვების კრიტერიუმები (იხ. ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებების მუხ. 5);
· გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის თანხა;
· გრაფიკით დადგენილ დღეს წარმატებით ჩააბაროს ფიფას ფეხბურთის აგენტების გამოცდა;
· ამას გარდა, ფიფას მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს ყოველწლიური გადასახადი (იხ. ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებების მუხ. 7).
რიგით მეხუთე ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდის სარეგისტრაციო ფანჯარა მიმდინარე წლის 6 მარტს, ცენტრალური ევროპის დროით 23:59 საათზე დაიხურება, გამოცდა კი - 28, 29 და 30 აპრილს (ადგილების შეზღუდულობიდან ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი საგამოცდო დღეები ჩაინიშნოს 5, 6 და 7 მაისს) გაიმართება.
კანდიდატების ექნებათ შემდეგი (და არამხოლოდ) შუალედური საბოლოო ვადები (ცენტრალური ევროპის დროით):
- 6 მარტი (23:59 სთ) - გამოცდის სარეგისტრაციო ფანჯრის დახურვა
- 29 მარტი (23:59 სთ) - საგამოცდოდ, სპეციალური სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფის ან საგამოცდო საათის ან/და ენის შეცვლისათვის მოთხოვნის განთავსება
- 14 აპრილი (23:59 სთ) - წინასაგამოცდო მზადყოფნის შემოწმების პერიოდის დასასრული
დამატებითი ინფორმაცია და განმარტებები ფიფას საფეხბურთო აგენტის გამოცდის წესებთან და ლიცენზირების პროცესთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ფიფას ვებ-გვერდზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე - [email protected]