საქართველოში ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამის (FIFA TDS) ამოქმედების ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სფფ-ის გენედალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი და სფფ-ის აკადემიების სპორტულის მიმართულების ხელმძღვანელი ზვიად ჯელაძე. ასევე ფიფას ტალანტების განვითარების სქემის რეგიონული კოორდინატორი მარიანს პაჰარსი, ფიფას ტალანტების აღმოჩენის გლობალური ხელმძღვანელი სტეფენ მოროუ და მწვრთნელი კირან ტონერი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოფიციალურად გააფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც კირან ტონერი საქართველოში ფიფას აკადემიის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ამავე შეხვედრაზე განისაზღვრა ტალანტების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ფიფას ტალანტების განვითარების პროგრამა საქართველოში მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მასში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჩაერთვებიან. ნიჭიერი მოთამაშეები სფფ-ის მიერ ჩატარებული სასელექციო პროგრამის შედეგად შეირჩნენ.
შეგახსენებთ, რომ მარიანს პაჰარსის პირველი სამუშაო ვიზიტი გასული წლის აგვისტოში შედგა, რის შემდეგაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთო FIFA TDS პროექტში, რომელსაც ხელმძღვანელობს არსენ ვენგერი, ამჟამად FIFA-ს ფეხბურთის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.