მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის პირველი კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს უეფას ლიცენზიები გადაეცათ.
მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების მეკარეების მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით გვარამაძემ გადასცეს. უეფას მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის მფლობელი 17 მწვრთნელი გახდა.
A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
უეფას მეკარეების მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი საქართველოში პირველად ჩატარდა, ხოლო მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი ჩვენს ქვეყანაში 2022 წლიდან ტარდება.