საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და UEFA-ს აკადემიის მიერ ერთობლივად განხორციელებული სასწავლო კურსი „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ დასრულდა.
პროგრამის მესამე მოდული თბილისში, სასტუმრო „Paragraph Golf & Spa Tabor“-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა კურსის დასკვნითი ეტაპი გაიარეს.
კურსის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო დახურვის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს წარმატებით დასრულებული პროგრამისთვის შესაბამისი სერტიფიკატები სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, უეფას აკადემიის ხელმძღვანელმა თომას ჯუნომ და შვეიცარიის საჯარო ადმინისტრირების უმაღლესი სკოლის (IDHEAP) პროფესორმა მიკაელ ტერიენმა გადასცეს.
აღნიშნული ინგლისურენოვანი პროგრამა UEFA-სა და სფფ-ის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მესამედ განხორციელდა საქართველოში. კურსი მიზნად ისახავდა ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარებას.
პროგრამა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა, სტრატეგიული და ოპერაციული მართვა, მარკეტინგი და სპონსორობა, კომუნიკაციები და მედია ურთიერთობები, ასევე ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა.
კურსში მონაწილეობდნენ საფეხბურთო კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი წევრი ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების, მათ შორის იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ფედერაციების წარმომადგენლები.