28 აპრილს, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ზაზა ზამთარაძე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი გოჩა თამაზაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფილიპ ჯუდას და ევროპის მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს პეტერ კრალიკს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ აბულაძე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინი ფეხბურთის განვითარების ტემპები და სამომავლო პერსპექტივები იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-14 საფეხურზეა, უკვე იასპარეზა მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მაღალი რანგის ტურნირების საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე, მათ შორის, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძლებლობაზე.