15 ივლისს, ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის B დივიზიონის გათამაშება დაიწყო.
ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების მეტოქე ნორვეგიის ეროვნული გუნდი იყო. გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი და მეორე პერიოდის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მალხაზ შამილაძემ მესამე პერიოდში დააწინაურა. ნორვეგიელებმა გათანაბარება ძირითადი დროის ბოლო წუთზე მოახერხეს, დამატებითი დროის ბოლო წამზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივლისს, მალტის წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ლატვიამ სლოვაკეთს 6:3 სძლია, აზერბაიჯანის ნაკრებმა კი ინგლისს 8:3 მოუგო.
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების შეხვედრამდე ბათუმის ქვიშის არენაზე ევროპის ლიგის B დივიზიონის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და განათლების მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ და მსოფლიო ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის ღონისძიებების დირექტორმა ჟოზეფ პონსემ.
16 ივლისის განრიგი | ბათუმის ქვიშის არენა
- 18:00 მალტა - ნორვეგია
- 19:30 აზერბაიჯანი - სლოვაკეთი
- 21:00 ლატვია - ინგლისი