საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო. 9-11 ნოემბერს, კურსის პირველი მოდული გაიმართა.
კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 22 მონაწილე ირიცხება. აღნიშნული კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.