სიახლეები

ფრეების გარეშე

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
"შუქურა" ქობულეთი - "ზუგდიდი" ზუგდიდი 2-1

გოლი: 24' ზვიად მეტრეველი ("შუქურა"), 46' შოთა ლომია ("ზუგდიდი"), 55' გიორგი ჩელებაძე ("შუქურა")

გაფრთხილება: 27', 52' დავით ლომაია, 59' ოთარ ჯავაშვილი, 75' გიორგი ჭაავა (სამივე "ზუგდიდი"), 84' გიორგი გურული ("შუქურა")

გაძევება: 52' დავით ლომაია (ორივე "ზუგდიდი")

უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ქობულეთის "შუქურა" გათამაშების გახსნით შეხვედრაში ზუგდიდის "ზუგდიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა მეტოქე. ამინდის გამო შეხვედრა არც თუ ისე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, მაგრამ გულშემატკივრებმა მაინც საინტერესო შეხვედრა იხილეს. ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, ლაშა ჩაფიძის მოწოდებულ კუთხურს საჯარიმოში ზვიად მეტრეველი გამოეხმაურა და ზუსტი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრის მეორე ნახევარი ზუგდიდელი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო და 46' წუთზე მათმა კაპიტანმა, შოთა ლომიამ, საუცხოო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. გაშვებული გოლის შემდეგ აჭარლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 52-ე წუთზე პენალტის უფლეებაც მოიპოვეს, პენალტთან ერთად მსაჯმა "ზუგდიდის" ფეხბურთელიც გააძევა, რამაც ქობულეთელებს კოლოსალური უპირატესობა მიანიჭა, მოკლედ 11 მეტრიანი დარტყმა ზუსტად გიორგი ჩელებაძემ გამოიყენა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და "შუქურამ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. 



"მეტალურგი" რუსთავი - "დინამო" ბათუმი 2-1

გოლი: 7' ირაკლი სიხარულიძე ("მეტალურგი"), 8' თეიმურაზ შონია ("დინამო"), 66' დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი")

გაფრთხილება: 28' კონსტანტინე ხიზანეიშვილი, 45' ირაკლი სიხარულიძე, 82' დაჩი ცნობილაძე (სამივე "მეტალურგი")

ფინანსური პრობლემებით გატანჯულმა რუსთავის "მეტალურგმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მიუხედავად ფაქტიურად ჩაგდებული მოსამზადებელი პერიოდისა მაინც მოახერხა მეტოქის დამარცხება. მატჩის ფავორიტად ბათუმელები ითვლებოდნენ, მათ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატებაც მოახერხეს და შეკრებაც საკმაოდ ნაყოფიერად განვლეს. ანგარიში მე-7 წუთზე რუსთაველმა, ირაკლი სიხარულიძემ, გახსნა, მაგრამ ქვემო ქართლელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მე-8 წუთზე თეიმურაზ შონიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.გამარჯვების გოლის გატანა 66-ე წუთზე "მეტალურგის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაჩი ცნობილაძემ მოახერხა. დარჩენილ დროში აჭარლებმა ვერაფერი შეცვალეს და ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს. 




"კოლხეთი" ფოთი - "ტორპედო" ქუთაისი 0-3

გოლი: 10' ნიკა კვასხვაძე, 56' ოთარ კვერნაძე, 70' თენგიზ ჩიკვილაძე (ყველა "ტორპედო") 

გაფრთხილება: 70' თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო")

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქუთაისის "ტორპედომ", იმერლებმა ფოთის "კოლხეთი" დაამარცხეს. შეხვედრას ლანჩხუთმა უმასპინძლა, მაგრამ ორივე გუნდის ქომაგები საკმაო რაოდენობით დაესწრნენ თამაშს, მოკლედ გულშემატკვირობა არც ერთ გუნდს მოკლებია. ქუთათურებმა ანგარიშს გახსნა საწყის წუთებშივე მოახერხეს, გოლის ავტორად ახალწვეუული, ნიკა კვასხვაძე, მოგვევლინა. სწრაფმა გოლმა ფოთელებზე ცუდად იმოქმედა და მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ძოძუაშვილის შეგირდები ფლობდნენ. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. ტორპედოელებმა მეორე გოლი 56-ე წუთზე გაიტანეს, თავი ახალგაზრდა ფორვარდმა, ოთარ კვერნაძემ, გამოიჩინა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი გამოცდილმა, თენგიზ ჩიკვილაძემ, დასვა, მან საკუთარი გოლის გატანა 70-ე წუთზე მოახერხა. "ტორპედომ" დამსახურებული გამარჯვება მოიპოივა და პირველი ტურის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 




"ზესტაფონი" ზესტაფონი - "გურია" ლანჩხუთი 6-0 

გოლი: 7', 74' ჯაბა დვალი, 24' თეიმურაზ ღონღაძე, 28' გიორგი ფანცულაია, 76' თედორე გრიგალაშვილი, 81' ლაშა გვალია (ყველა "ზესტაფონი")

გაფრთხილება: 21' რენე ფერეირა ("ზესტაფონი"), 30' კობა შალამბერიძე ("გურია"), 58' თედორე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), 64' დავით მეგრელაშვილი ("გურია")

რიხიანად დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი ზესტაფონის "ზესტაფონმა", იმერლებმა "გურიას" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 6-0, დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში 7-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა, მარგევლთა ფორვარდი პირისპირ დარჩა მეკარესთან და გამოცდილ შემტევს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. სწრაფი გოლის შემდეგ ზესტაფონლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლნენ. 24-ე წუთზე ანგარიშის ორამდე გაზრდა თეიმურაზ ღონღაძემ მოახერხა, ამ გოლიდან ზუსტად 4 წუთში კი, მიხეილ სარდალიშვილის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოს სიღრმეში გიორგი ფანცულაია გამოეხმაურა და "ზესტაფონის" უპირატესობა სოლიდური გახადა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე. მატჩის მეორე ტიამში გეგუჩაძის შეგირდებმა კიდევ სამჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ჯერ 74-ე წუთზე დვალმა მოახერხა დუბლის გაფორმება, შემდეგ 76-ე წუთზე თედორე გრიგალაშვილმა აიღო მეტოქის კარი და საბოლოოდ 81-ე წუთზე ლაშა გვალიამ მოახერხა სადებიუტო გოლის გატანა. 




"დილა" გორი - "სპარტაკი" ცხინვალი 2-0 

გოლი: 30' ირაკლი მოდებაძე, 41' ნიკა კვეკვესკირი (ორივე "დილა")

გაფრთხილება: 64' დავით ხურცილავა ("დილა"), 77' ნიკა კაჭარავა ("სპარტაკი")

უჩა სოსიაშვილის თავკაცობით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა გორის "დილამ", ქართლელებმა "სპარტაკს" უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. მატჩი გორელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, კვეკვესკირის მოწოდებულ კუთხურზე ყველას მოდებაძემ დაასწრო და ასე აიღო მეტოქის კარი. ტაიმის მიწურულს კი, საგოლე პასის ავტორმა, ნიკა კვეკვესკირმა გამოიჩინა თავი, ახალგაზრდა ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მეორე ცდაზე მოახერხა გოლის გატანა. შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გორელთა განახლებულმა გუნდმა პირველივე ოფიციალური მატჩის მოგება მოახერხა. 




"მერანი" მარტვილი - "ვიტ-ჯორჯია" თბილისი 0-2 

გოლი: 14', 37' მათე კვირკვია ("ვიტ-ჯორჯია")

გაფრთხილება: 25' ვანო კურდღელაშვილი, 42' ალექსანდრე კოშკაძე, 72' ლუკა თახთახაშვილი (სამივე "ვიტ-ჯორჯია")

გაძევება: 52' დანტე ჩალიგავა ("მერანი")

გამარჯვებით დაიწყო ახალი სეზონი "ვიტ-ჯორჯიამაც", თბილისელები "მერანს" ესტუმრნენ და ანგარიშით 0-2 დაამარცხეს მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ვეტერინართა ახალგაზრდა შემტევმა, მათე კვირკვიამ, გაიტანა. კვირკვიამ მე-14 და 37-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. შემდეგ ტურში ზურა ბერიძის შეგირდები "სამტრედიას" უმასპინძლებენ. 



"დინამო" თბილისი - "სამტრედია" სამტრედია 2-0 

გოლი: 55' ჩისკო, 73' გიორგი პაპუნაშვილი (ორივე "დინამო") 

გაფრთხილება: 61' მათე ცინცაძე ("დინამო")

"სამტრედიას" უმასპინძლა თბილისის "დინამომ", მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და თბილისელთა დამსახურებული გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. მიუხედავად რამდენიმე რეალური მომენტისა, პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ზუსტად 10 წუთში გიორგი პაპავას ჩაწოდებას ჩისკო გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან აიღო მეტოქის კარი. ამის შემდეგ, შეხვედრის სადავეები დედაქალაქელებმა იგდეს ხელს და 74-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა დააფიქსირა. მოკლედ, გაახალგაზდავებულმა "დინამომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და საკუთარი ქომაგები ძალიან გაახარა.




"სიონი" ბოლნისი - "ჩიხურა" საჩხერე 1-0 

გოლი: 22' დავით სირაძე ("სიონი")

გაფრთხილება: 34', 71' ზვიად ლობჟანიძე ("სიონი"), 73' დენის დობროვოლსკი, 86' გიორგი ქიმაძე (ორივე "ჩიხურა")

გაძევება: 71' ზვიად ლობჟანიძე ("სიონი")

გოლით დაუბრუნდა ეროვნულ ჩემპიონატს ვეტერანი თავდამსხმელი, დავით სირაძე. მისმა ბოლნისის "სიონმა" "ჩიხურას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0, დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ზემოთ ხსენებულმა დავით სირაძემ გაიტანა, მან ლობჟანიძის პასი მიიღო და თავური დარტყმით მოახერხა გოლის შეგდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის უკანსკნელი 20 წუთი ბოლნისელებმა 10 კაცით ითამაშეს, მაგრამ მაინც მოახერხეს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.


აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:



ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.dinamobatumi.com, www.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.fczugdidi.ge, ედემი ელერჯია

სფფ-ის პრესსამსახური