სიახლეები

ლიდერი პირველად დამარცხდა

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

„დილა“ გორი - „გურია“ ლანჩხუთი 2-0

გოლი:
85’ ნიკოლოზ კვეკვესკირი, 90’ ირაკლი მოდებაძე (პენ.) (ორივე „დილა“)

გაფრთხილება: 48’ დავით მეგრელიშვილი, 61’ ალექსანდრე კოშკაძე, 77’ ჯემალ გოგიაშვილი, 79’ ვანო წილოსანი, 91’ ვლადიმერ ზუხბაია (ყველა „გურია“)

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გორის „დილამ“, ქართლელებმა „გურიას“ უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. მატჩი გორელი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მათ გოლების გატანა მატჩის მიწურულსღა მოახერხეს. ანგარიში 85-ე წუთზე გაიხსნა, ნიკოლოზ კვეკვესკირმა უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ასე დააწინაურა საკუთარი გუნდი. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა გატანილი გოლის შემდეგაც გააგრძელეს აქტიური თამაში, რამაც შედეგი 90-ე წუთზე გამოიღო, მსაჯმა გურულთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ირაკლი მოდებაძემ შეასრულა ზუსტად და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.



„კოლხეთი“ ფოთი - „ჩიხურა“ საჩხერე 1-0

გოლი: 84’ შოთა ჯიქია („კოლხეთი“)

გაფრთხილება: 34’ ლუკა გუგუჩია („კოლხეთი“), 56’ ბესიკ დეკანოიძე („ჩიხურა“)

სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ფოთის „კოლხეთმა“, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ლოგიკური შედეგიც ფრე იქნებოდა, მაგრამ ფოთელებს მხსნელად დებიუტანტი შოთა ჯიქია მოევლინათ, მან მეტოქის საჯარიმოში მიიღ ბურთი და უძლიერესი დარტყმით აიღო ქვილითაიას კარი. მატჩის დასრულებამდე 6 წუთი იყო დარჩენილი, საჩხერლებმა, რა თქმა უნდა, გაიბრძოლეს, მაგრამ უშედეგოდ და გამარჯვებაც კოლხებს დარჩათ.



„მეტალურგი“ რუსთავი - „დინამო“ თბილისი

გოლი: 29’ გიორგი ქავთარაძე, 45’ გიორგი ჯოხაძე, 52’ ირაკლი სიხარულიძე (სამივე „მეტალურგი“)

გაფრთხილება: 5’ გიორგი ჯოხაძე, 38’ შალვა ექვთიმიშვილი (ორივე „მეტალურგი“)

ყველასთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა რუსთავში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველმა ფეხბურთელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. პირველი გოლის გატანა „მეტალურგმა“ 29-ე წუთზე მოახერხა, გიორგი ვასაძის ფლანგური გადაცემის შედეგად საჯარიმოს მისადგომებთან უყურადღებოთ დარჩენილმა გიორგი ქავთარაძემ ძლიერი და ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. გატნილმა გოლმა ვარლამ კილასონიას შეგირდები კიდევ უფრო გაათამამა და პირველი ტაიმის მიწურლს მათ კიდევ ერთხელ აიღეს თბილისელთა კარი, ამჯერად საჯარიმო დარტყმით გიორგი ჯოხაძემ გამოიჩინა თავი. შეხვედრის მეორე ნახევარიც რუსთაველების ინიციატივით წარიმართა, მათ საბოლოო ანაგრიშის დაქისირება 52-ე წუთზე მოახერხეს, დასწრებაზე კარგად ირაკლი სიხარულიძემ ითამაშა და ახლო მანძილიდან მოახერხა გატანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ქვემო ქართლელებმა შთამბეჭდავი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მარცხისა დინამოელები მაინც ცხრილის სათავეში რჩებიან.



„შუქურა“ ქობულეთი - „სიონი“ ბოლნისი 1-1

გოლი: 2’ გიორგი ჩელებაძე („შუქურა“), 13’ ჯაბა უგულვა („სიონი“)

ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა ქობულეთის „შუქურამ“, ამჯერად აჭარლები „სიონს“ დაუზავდნენ. შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა, მე-2 წუთზე ბოლნისელტა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გიორგი ჩელებაძემ შეასრულა ზუსტად და ამ გოლით ბომბარდირთა დავაშიც გაერია. მიუხედავად ადრეულად გაშვებული გოლისა, ლადო ბურდულის შეგირდებმა მობილიზება შეძლეს და 11 წუთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, გოლის ავტორად ჯაბა უგულავა მოგვევლინა. დარჩენილ დროში ანაგრიში აღარ შეცვლილა.



„მერანი“ მარტვილი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 0-0

გაფრთხილება: 38’ პაპუნა ფონიავა („მერანი“), 42’ ვახტანგ კვარაცხელია („ზუგდიდი“), 86’ კიჭი მელიავა („მერანი“), 86’ ოთარ ჯავაშვილი („ზუგდიდი“), 88’ დავით ბოლქვაძე („მერანი“), 90’ აკაკი ფარჯიკია („ზუგდიდი“)

უგოლო ფრით დასრულდა მეგრული დერბი, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა გატანილი გოლები ვერ იხილეს. შეხვედრა ორმხირივი შეტევებით წარიმართა, მაგრამ როგორც ხედავთ გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა მოახერხა. ამ ფრის შედეგად „ზუგდიდი“ ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად გასავარდნ ზონაში იმყოფება, „მერანი“ კი, პირიქით ფრის მიუხედავად მარტვილელები ერთი პოზიციით დაწინაურდნენ.



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „დინამო“ ბათუმი 2-0

გოლი: 19’ კახაბერ კახაბრიშვილი, 22’ გიორგი კალანდია (ორივე „ვიტ-ჯორჯია“)

გაფრთხილება: 24’ არნაუ ჩუენსუ, 33’ ბექა მახარაძე (ორივე „დინამო“), 39’ ლაშა კუხალეიშვილი („ვიტ-ჯორჯია“), 90’ ანზორ სუხიაშვილი („დინამო“), 90’ ნიკოლოზ მაისურაძე („ვიტ-ჯორჯია“)

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ“, ვეტერინარებმა ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 2-0, დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრა ზურაბ ბერიძის შეგირდების სრული უპირატესობით წარიმართა, მათ ანაგრიშის გახსნა მე-19 წუთზე მოახერხეს, გოლის ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კახაბერ კაბრიშვილმა, შეაგდო. ამ გატანილი გოლიდან სამ წუთში კი, ვიტელებმა სხვაობის ორამდე გაზრდაც მოახერხეს, გოლსი ავტორად გიორგი კალანდია მოგვევლინა. ამ გამარჯვებით თბილისელები მე-12 ადგილიდან მე-6 ადგილამდე აღზევდნენ, რაც დამეთანხმებით საკმაოდ დიდი ნახტომია.



„სპარტაკი“ ცხინვალი - „ტორპედო“ ქუთაისი 0-0

გაფრთხილება: 22’ ლევან ჭაფოძე („სპარტაკი“), 26’ ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“), 82’ ნიკოლოზ კაჭარავა („სპარტაკი“)

უგოლო ფრით დაუზავდნენ ერთმანეთს „სპარტაკი“ და „ტორპედოც“, უნდა აღნიშნოს, რომ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა საკმაოდ უსახური ფეხბურთი იხილეს და ფრე ნამდვილად ლოგიკური შედეგია. წვრილმან მომენტებს თუ არ ჩავთვლით, საქმე რეალურ ხიფათამდე არც ერთ კართან მისულა.



„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სამტრედია“ სამტრედია 0-1

გოლი: 35’ გიორგი დათუნაიშვილი („სამტრედია“)

გაფრთხილება: 42’ გიორგი გაბედავა, 73’ გიორგი დათუნაშვილი (ორივე „სამტრედია“), 73’ თედორე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), 81’ ლევან კაკუბავა („სამტრედია“), 90’ ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზესტაფონი“)

გაძევება: ჯაბა დვალი (შესვენებაზე)

იმერულმა დერბიმ მოლოდინი სრულად გაამართლა, სტადიონზე და ტელეკერანებთან შეკრებილმა მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. შეხვედრა ზესტაფონელი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სამი ქული მოპოვება მაინც „სამტრედიამ“ მოახერხა. აშკარაა, რომ სამტრედიელებს შეთამაშება აკლიათ, ეს დღევანდელი თამაშის რამდენიმე ეპიზოდშიც დამტკიცდა. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, გოლი სამტრედიელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა გიორგი დათუნაშვილმა გაიტანა. შეხვედრის პირველი ნახევარი ამავე ანგარიშით დასრულდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, მსაჯების შეურაცყოფისთვის მოედნიდან გუნდის კაპიტანი, ჯაბა დვალი, გააძევეს, რომელიც მატჩის დაწყების წინ გულშემატკივრებმა სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვეს. მიუხედავად კაცნაკლულობისა მეორე ნახევარში ზესტაფონელებს ცდა არ დაუკლიათ ანგარიშის გასატანაბრებლად, ორჯერ ბურთი მეტოქის კარის ხარიხასაც გაარტყეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. მოკლედ, გელა სანაიას შეგირდებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმეს.  


აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„მეტალურგი“ რუსთავი - „დინამო“ თბილისი
„დილა“ გორი - „გურია“ ლანჩხუთი 
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სამტრედია“ სამტრედია

ფოტო
/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fcdila.ge, www.fctorpedo.ge, www.fczestafoni.ge, www.fczugdidi.ge, www.facebook.com/FCChikhura

სფფ-ის პრესსამსახური