სიახლეები

გუნდების რაოდენობის გაზრდა 11 ივლისს, აღმასკომზე გ

სფფ
გაუზიარე

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიში შემდეგი საკითხები იყო შეტანილი:

1. საქართველოს 2014-15 წწ. XXVI ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ;

2. სფფ-ის XXIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

3. სხვადასხვა

პირველი საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სხდომამ მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ფედერაციის შენობასთან ბათუმელმა, მარტვილელმა, სამტრედიელმა და სხვა გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი და ვინაიდან ისინი ჩემპიონატის მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდას უჭერდნენ მხარს, მოუთმენლად ელოდნენ აღმასკომის გადაწყვეტილებას.

აღმასკომის სხდომას სპორტის მინისტრი - ლევან ყიფიანიც ესწრებოდა. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრებზე, რომლებიც დღევანდელ სხდომას წინ უსწრებდა, მოხდა პრინციპული შეთანხმება მთავრობისა და სფფ-ის პოზიციებს შორის, რაც გუნდების რაოდენობის გაზრდასა და მომავალი წლის სეზონიდან განვითარების პროექტის ამოქმედებას ეხება.

ზვიად სიჭინავამ, რევაზ არველაძემ და ლევან ყიფიანმა აღმასკომის წევრებს დაწვრილებით განუმარტეს ამ შეთანხმების ყველა დეტალი. წლევანდელი სეზონი იქნება ე.წ. „გარდამავალი ეტაპი“ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით გუნდები ფეხზე დადგნენ და მდგომარეობა დარეგულირდეს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს ინტერესი და მზაობა ძალზე დიდია, რადგან ქვეყნის მთავრობამ გუნდების გაზრდილი რაოდენობის შემთხვევაში მათ დაფინანსებას მხარი დაუჭირა. სფფ-ის პრეზიდენტის დავალებით, სამი დღის ვადაში, ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება და გენერალური სამდივნო მოამზადებს 12 – 14  და 16-გუნდიანი ჩემპიონატების რამდენიმე ვარიანტს და ეს განხილული იქნება პარასკევს, 15:00 საათზე სფფ-ის აღმასკომის მორიგ სხდომაზე, რომელსაც კვლავ დაესწრება სპორტის მინისტრი. აღმასკომი საუკეთესო ვარიანტზე შეჯერდება და მხოლოდ პარასკევს გადაწყდება, რამდენგუნდიანი ჩემპიონატი იქნება ახალ სეზონში.

ამის შემდეგ, ზვიად სიჭინავა და ლევან ყიფიანი ერთად გავიდნენ მედიასთან და ერთობლივი კომენტარები გააკეთეს.

ზვიად სიჭინავა: „აღმასკომამდე, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან და მოვილაპარაკეთ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს იმ თანხების მოძიება, რითიც ამ სეზონში კლუბებს დააფინანსებს. ანუ დაფინანსდეს ეს ერთი საფეხბურთო სეზონი. საუბარია გუნდების რაოდენობის გაზრდაზე. 12 იქნება, 14 თუ 16, ეს ყველაფერი გადაწყდება და გამოცხადდება პარასკევს. მანამდე, როგორც გითხარით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები თანხების თაობაზე უნდა შეჯერდნენ. ერთი წლის შემდეგ კი, უკვე ამუშავდება ის დიდი პროექტი, რომელზეც დიდი ხანია ვმსჯელობთ და ვმუშაობთ.“

ლევან ყიფიანი: „ახლა ძალიან რთულია ბიუჯეტიდან თანხების მოძიება, მაგრამ რა ფინანსური დახმარებაც იქნება, ეს კლუბებს მისცემს საშუალებას, სეზონი ნორმალურად ჩაამთავრონ. ჩვენ ამას დავარქვით გარდამავალი ეტაპი და რა ფორმატში ვიმუშავებთ, ამას უკვე იმ ფინანსებით განვსაზღვრავთ, რასაც მოვიპოვებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული პრინციპი და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაციის აღმასკომი.“

ამ სიახლეს სფფ-სთან შეკრებილი გულშემატკივარი ტაშით შეხვდა. ის, კი, რა ფორმატის იქნება წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატი, პარასკევს, აღმასკომის მორიგ სხდომაზე გადაწყდება.

სფფ-ის პრესსამსახური