სიახლეები

ფუტსალის თასმა თბილისის საფეხბურთო სკოლები მოიარა

ფუტსალი
გაუზიარე

გასული კვირის ბოლოს, უეფას ფუტსალის თასმა „Trophy Tour - ის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა საფეხბურთო სკოლები მოიარა.

ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა და სფფ-ის პრეზიდენტმა თასი მიიტანეს საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში“, „საბურთალოში“, 35-ე სკოლაში, „ოლიმპში“ და „ბაქსვუდის“ სკოლაში.

ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ტურნირის მაისურები და სფფ-ის პრეზიდენტის ინიციატივით, ყველას დაურიგდა ბურთები. საფეხბურთო სკოლებს, ასევე, საჩუქრად გადაეცემათ ტურნირის ბილეთები და ბავშვები შეძლებენ ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის ყველა თამაშს დაესწრონ.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თასმა, რომელიც ყველა სკოლაში ხელიდან-ხელში გადადიოდა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა, ბავშვებს ტურნირის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაც მიაწოდეს. რასაკვირველია, ყველა სკოლაში გაიმართა საგანგებო ფოტოსესიაც.

დღეს, ტურნირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გრძელდება. დღის 14:00 საათიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გასართობი თამაშები. ბავშვები, „იბერია სტარის“ ფეხბურთელები და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები გრეხეტბოლს ითამაშებენ. იქვე გათამაშდება ტურნირზე დასასწრები ბილეთებიც.

სფფ და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ღონისძიებაზე ყველა მსურველს ეპატიჟება. შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების მოახლოება.

სფფ-ის პრესსამსახური