სიახლეები

სფფ-ის აღმასკომმა კლუბებს ფინანსური დახმარება დაუმტკიცა

სფფ
გაუზიარე

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმარულებელი კომიტეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგიში იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების დაფინანსების საკითხი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაციისგან უმაღლესი ლიგის 16 კლუბიდან თითოეული 200 ათასს, ხოლო პირველი ლიგის 20 კლუბიდან ყველა 50-50 ათასს მიიღებს. კლუბები თანხებს ხელშეკრულებების საფუძველზე მიიღებენ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თანხების მიზნობრიობა. ფინანსური დახმარების გამოყენებას კლუბები შეძლებენ ფეხბურთელებისა და კლუბის მომსახურე პერსონალის ხელფასებისთვის; ასევე, ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვენტარი. კლუბები ფინანსურ დახმარებას ვერ გამოიყენებენ პრემიალური თანხების გასაცემად. ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე კლუბს თანხა ჩამოერთმევა. მონიტორინგს სფფ თავად განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბების ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კრედიტი უეფასგან აიღო იმ სატელევიზიო უფლებების გაყიდვის სანაცვლოდ, რომელიც 2015 და 2016 წელს ქართულ მხარეს ეკუთვნის. შესაბამისად, წელიწადში 2 მილიონის ნაცვლად, სფფ სატელევიზიო უფლებებში მხოლოდ მილიონს აიღებს და დანარჩენი თანხით მოხდება ამ 3-პროცენტიანი კრედიტის დაფარვა, რომელიც თავად უეფამ ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკიდან აიღო.

სფფ-ის გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა და გაოცებას ვერც უეფაში მალავენ. მსგავსი რამ უეფას არც ერთ წევრ ასოციაციაში არ მომხდარა. შესაბამისად, სფფ-ის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში რამდენიმე ვიზიტი დასჭირდათ სესხის მისაღებად და ოფიციალური წერილი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ დახმარების გარეშე ეროვნულ ჩემპიონატს ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა.

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, კლუბებთან ხელშეკრულებების გაფორმება დასრულდება.

სფფ-ის პრესსამსახური