სიახლეები

ხვალ სუპერთასის მფლობელი გამოვლინდება

გაუზიარე

11 დეკემბერს საქართველოს სუპერთასის მფლობელი გამოვლინდება, როგორც მოგეხსენებათ ტიტულისთვის თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ იბრძოლებენ. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დღეს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს. მწვრთნელებთან ერთად ჟურნალისტთა შეკითხვებს დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომაც უპასუხა, რომლისთვისაც ხვალ აქტიური საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი შეხვედრა იქნება. სოსო ფრუიძემაც და კახი გოგიჩაიშვილმაც განაცხადეს, რომ გუნდებში საბრძოლო განწყობაა და ორივე მათგანი ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისთვის, თუმცა ფრუიძემ დასძინა, რომ ხვალინდელი შეხვედრა მათთვის გადამწყვეტი არაა და გუნდისგან აუცილებლად გამარჯვებას არ ით

ხოვს. გოგიჩაიშვილმა კი, თავისმხრივ აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს გადამწყვეტი მატჩია, თანაც დედაქალაქელთა ერთ-ერთი ლიდერი კარიერას ასრულებს და თანაგუნდელებს სურთ გამარჯვებული გაუშვან სამშობლოში. როგორც პრესკონფერენციაზე გაირკვა ტრავმების გამო ორივე გუნდს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ექნება, თბილისელთა მხრიდან გამორიცხულია ძარიასა და საბანაძის თამაში, ცინცაძის საკითხი კი, ჯერაც აგდასაწყვეტია. რაც შეეხებათ, საჩხერლებს მათ კუჭუხიძე, ჯიღაური და მუმლაძე დააკლდებათ. მწვრთნელების შემდეგ ჩისკოს ჯერიც დადგა და მანაც ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, მისი განცხადებით საქართველოში გატარებული პერიოდი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, აქ მან უამრავი მეგობარი შეიძინა, გაითავისა ქართული ტრადიციები და აქაურობის დატოვება მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ამის ობიექტური მიზეზები არსებობს. ესპანელის თქმით იგი სამშობლოში სამოყვარულო დონეზე გააგრძელებს ბურთის გორებას და პარალელურ რეჟიმში სამწვრთნელო განათლებასაც მიიღებს. პრესკონფერენციის დასასრულს ორივე გუნდის დამრიგებელმა მადლობა გადაუხადეს ჩისკოს გაწეული სამსახურისთვის, თავისმხრივ კი, ესპანელმა შემტევმა დინამოს ფანებს მიმართა და თქვა, რომ ისინი მუდამ მის გულში იქნებიან. 

რაც შეეხება უშუალოდ თბილისურ-საჩხერულ დაპირისპირებას, გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 21-ჯერ უთამაშიათ, აქედან 12 მატჩი დინამოელებმა მოიგეს, 5 იმერლებმა და 7 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. მათი ბოლო დაპირიპირება ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში შედგა, რომელიც „ჩიხურას“ მინიმალური გამარჯვებით 1-0, დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის სუპერთასიც ამ გუნდება გაითამაშეს და ის შეხვედრაც საჩხერლებმა მოიგეს. მოკლედ წინ საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის, იმედი გვაქვს გულშემატკივარიც მრავლად მოვა და სტადიონზე კარგი საფეხბურთო გარემო შეიქმნება. 

შეგახსენებთ, რომ თამაში 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება. 


„დინამო“ თბილისი - „ჩიხურა“ საჩხერე

11 დეკემბერი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, გ.ჩიგოგიძე, ლ.ვარამიშვილი, დ.ხარიტონაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ჯ.ბუიშვილი (სათადარიგო)


აქვე იხილეთ:

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტაჟი აღნიშნულ თემაზე
დინამო TV-ის რეპორტაჟი აღნიშნულ თემაზე


სფფ-ს პრესსამსახური