სიახლეები

სფფ–ის საფეხბურთო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა – ლეგენდარული ფეხბურთელის 100 წლის იუბილე

აკადემია
გაუზიარე

დღეს, ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა ლეგენდარული ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე იზეიმა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო ღონისძებები დაგეგმა და ბორის პაიჭაძის სახელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაუკავშირა.

ამ დღის აღნიშვნა რუსთავში დაიწყო, სფფ–ის საფეხბურთო აკადემიის მშენებარე კომპლექსში. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა მემორიალური დაფა გახსნეს, რომელიც ამიერიდან ყველას აუწყებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს.

ღონისძებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა: სფფ–ის ხელმძღვანელები, აკადემიის კურატორი უეფადან – ჟან–ფრანსუა დომერგი, ქალაქ რუსთავის მერი – დავით ჯიქია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები, სფფ–ის საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები, ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ სფფ–ის საფეხბურთო აკადემია უეფას HatTrick-ის პროგრამის ფარგლებში შენდება. რუსთავის შესასვლელში მშენებარე სპორტული კომპლექსი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და აკადემიის ფეხბურთელები ახალ სასწავლო წელს, სწორედ, იქ დაიწყებენ. აკადემიას დიდი საცხოვრებელი კორპუსი და ექვსი სტანდარტული მოედანი ექნება. სამი ბუნებრივი საფარით და სამიც – ხელოვნური. აკადემიას ექნება ყველა საჭირო სპორტული აღჭურვილობა – ტრენაჟორების დარბაზები, სამედიცინო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის დარბაზი, აუზი... შესაბამისად, სფფ–ის ახალი სპორტული კომპლექსით სარგებლობას სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებიც შეძლებენ.

ზვიად სიჭინავა (სფფ–ის პრეზიდენტი): „ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელის უკვდავსაყოფად, ფედერაციამ გადაწყვიტა მისი 100 წლის იუბილეზე აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი უწოდოს. ასეთი მასშტაბის საფეხბურთო აკადემია ჯერ არ აშენებულა და გვინდა, ეს ქართული ფეხბურთის წინსვლის პირველი მერცხალი იყოს.“

დავით ჯიქია (რუსთავის მერი): „ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა და ძალიან მიხარია, რომ ეს რუსთავში ხდება. მოლაპარაკებების პერიოდში, ჩვენ მაგრად ვიბრძოლეთ, რომ ეს პროექტი ჩვენთან წამოგვეღო; შევთავაზეთ ფეხბურთის ფედერაციას მიწა უფასოდ და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წინსვლაში თავის სიტყვას იტყვის.“

იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაგრძელდა, სადაც დემიკო ლოლაძისა და ოთარ გაგუას ავტორობით შექმნილი წიგნის – „ბორის პაიჭაძე“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. სწორედ აქ, სფფ–ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ გააჟღერა კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაინერგება – ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი. ამიერიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს, ყველა სეზონის ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციისგან გადაეცემა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის პრიზი.

საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ინიციატივით კი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უახლოეს მომავალში ლეგებდარული ფორვარდის ძეგლი დაიდგმება.

ბორის პაიჭაძე 1936–1951 წლებში, სწორედ, „დინამო“ თბილისის თავდამსხმელი იყო. 1953–54 წლებში ის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 1939 და 1940 წლებში, ბორის პაიჭაძე სსრკ–ს ჩემპიონატის ვერცხლის, ხოლო 1936, 1946 და 1947 წლებში კი, ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. თბილისის „დინამოს“ მაისურით სამჯერ ითამაშა საკავშირო თასის ფინალში. 1944 წელს, ბორის პაიჭაძეს სსრკ–ს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა. 1941 წელს  – ღირსების, ხოლო 1957 წელს შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში გარდაიცვალა. 1991 წელს, ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. 2001 წლის 26 მარტს კი, სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

 

სფფ–ის პრესსამსახური