სიახლეები

ბათუმელებმა დილას ლიდერობა არ შეარჩინეს

გაუზიარე

5 მარტი. „ჩელე არენა“ 2500  მაყურებელი

დინამო ბთ-დილა 1:0

დინამო ბთ: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე, მაკარიანი (ჭკუასელი 52), ქავთარაძე ტატანაშვილი (მუჯირი 78) ბერიაშვილი (ქორიძე 90) 

სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, ფარტენაძე, აბუსელიძე.  

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი, შოთა ჭეიშვილი (კოსნულტანტი)

დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, სეთურიძე (ახალკაცი 79), გვალია (ერისთავი 59), კვეკვესკირი, გორელიშვილი

სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, მარიჩი, ჭეჭელაშვილი, თექთუმანიძე. 

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: შონია (61)

გაფრთხილება: სეთურიძე (12) რაზმაძე (48) ალავიძე (71) ტატანაშვილი (72)

მსაჯი: აბდულა ბასლელო
                                 
10 წელზე მეტია, ბათუმის დინამო საჩემპიონო ბატალიებში არ ჩართულა, ამის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონი ბათუმური გუნდისთვის უკვე წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით მეორე წრის სტარტი, რადგან დინამოელებმა გუშინ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს, „ჩელე არენაზე“ ამჯერად ჩემპიონატის ლიდერმა, გორის დილამ იწვნია მარცხი. უამინდობის მიუხედავად, ქობულეთის ცენტრალურ სტადიონზე საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი შეიკრიბა, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმი გუნდებმა ფაქტიურად მზიანი ამინდში ითამაშეს. ზღვისპირელებს გარკვეული საკადრო პრობლემები ჩირიკაშვილის ტრავმამ და თევდორაძის დისკვალიფიკაციამ შეუქმნა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭეიშვილი-ხომერიკი-ბალაძის ტრიო ამ სირთულეს გაუმკლავდა. 

პირველი სახიფათო მომენტი ქავთარაძემ შექმნა, როცა მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა გორელთა საჯარიმოში და ტატანაშვილზე გამჭოლი გადაცემა გააკეთა. დინამოს ფორვარდს მცველებმა დაასწრეს. მომდევნო წუთებში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ბურთი ძირითადად მოედნის ცეტრში ტრიალებდა და გუნდებმა რამდენიმე საჯარიმო დარტყმა გაცვალეს. 34-ე წუთზე ტატანაშვილმა საჯარიმო კარგად შეასრულა და ბერიაშვილი ფაქტიურად მეკარესთან ერთი-ერთზე  გაიყვანა, ბათუმელთა თავდამსხმელმა პასი ცუდად დაამუშავა, დარტყმის დროს კი მის წინ უკვე კვახაძე აღიმართა და მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავიდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ტეტუნაშილმა დაუხვედრა, მაგრამ ამჯერად უკვე რაზმაძემ იხსნა საკუთარი კარი. სახიფათო იყო კვეკვესკრიის სტანდარტულიც, ამ შემთხვევაში უკვე ალავიძემ ითამაშა კარგად. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ჩელე არენაზე სეტყვა წამოვიდა და თითქოს ამით  დინამომ თავისი სტიქია იპოვა. ბათუმელებმა მიჯრით რამდენიმე სწრაფი შეტევა განავითარეს, შეცვლაზე შემოსულმა ჭუასელმა ფლანგიდან გაამწვავა თამაში, ერთ ეპიზოდში მის მიერ მოწოდებულ ბურთს, კარიდან წინ გამოსული მიგინეიშვილი ვერ შეწვდა, ქავთარაძე ვარდნაში მოახერხა დარტყმა, მაგრამ ბურთი ფეხიდან აეჭრა და  საკმაო მანძილით აცდა გორელთა კარს.  მალევე კვეკვესკირის გადაცემის შემდეგ - გორელიშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, დილას მეცხრე ნომერმა კარში დარტყმა მოახერხა, მაგრამ ბოლო მომენტში ალავიძემ  შესაშური რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. რამდენიმე წუთში კვეკვესკირი უკვე შორი დისტანციიდან დაემუქრა ალავიძის კარს, დინამოს კიპერმა ეს დარტყმა ახლოს მოიგერია, დამატებაზე კი ჯაფარიძემ ვერ ივარგა და დიდი მანძილით ააცილა. გუნდებმა თამაში გახსნეს და სანახაობამაც იმატა, საპასუხო იერიშის დროს, 59-ე წუთზე ტატანაშვილმა დაარტყა ტავით ზუსტად, მაგრამ საკმაოდ სუსტად. სამი წუთის შემდეგ კი დინამომ ანაგარიში გახსნა, ბექა ვარშანიძემ ცენტრში კარგად იბრძოლა, შემდეგ შეტევაში ჩართულმა მარჯვენა მცველმა ბადრი ტეტუნაშვილი ერთ მეტოქეს ჩაუქროლა და ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მდგარ შონიას გადააწოდა, დინამოს 8 ნომერმა უზუსტესად დაარტყა და მიგინეიშვილს დაახლოებით 18 მეტრიდან ჩახვეული გაუტანა. გოლმა დილა აშკარად დააბნია, დინამომ კი, პირიქით, ანგარიშის გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. კარგი მომენტი ჰქონდა ბერიაშვილს, რომელმაც მცირე მანძილით ააცილა კარს. 70-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა შორი მანძილიდან გაისროლა,  რომ არა ალავიძის კარგი რექცია ანგარიში გათანაბრდებოდა. მომდევნო ეპიზოდში ალავიძემ უკვე ბაგაევის ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია ფეხით და დინამო კიდევ ერთხელ იხსნა. მატჩის ბოლო 10 წუთი ორმხრივი შეტევებით გამოირჩა, გორელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რამაც ბათუმელებს კონტრიერიშებისთვის მეტი სივრცე მისცა. 83-ე წუთზე ჭკუასელმა მარჯვენა ფლანგზე გაირბინა და საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, გიორგი ბერიშვილმა ბურთის მიღება შეძლო, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. ზუსტად ერთ წუთში გიორგი ერისთავი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა ბათუმელთა საჯარიმოში და დაარტყა კიდეც, ბურთი მგელაძეს მოხვდა და დინამოს კარის ბადეს ზემოდან დაეცა.  87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ, 41 წლის ამირან მუჯირს შეეძლო თავისი გოლის გატანა, ის ერთაბაშად ორ მცველეს დაუსხლტა და მიგინეიშვილთან პირისპირ აღმოჩნდა, გორელთა კიპერმა ახლო კუთხეში დარტყმული ბურთის აღება შეძლო. სირიელი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მიხეილ გორელიშვილს თამაშის გადარჩენის  კარგი შანსი მიეცა, დილას თავდამსხმელს ახლო მანძილიდან შეეძლო ბათუმელების დამწუხრება, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა. დინამომ ბოლო შტურმს გაუძლო და უშუალო კონკურენტთან ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბესიკ ჩიბურდანიძე