სიახლეები

დინამო თუ დილა? საკითხავი აქაც ეს არის

გაუზიარე

ჩემპიონატი გახურდა, მაგრამ არც თასის გათამაშება უნდა დავივიწყოთ. ეს ტურნირი საქართველოში არასდროს ყოფილა მეორეხარისხოვანი და ტიტულის მოსაპოვებლად აქ უმაღლეს ლიგაზე არანაკლები ბრძოლები ჩაღდება ხოლმე. მეოთხედფინალის პირველი მატჩები იმგვარი შედეგებით დასრულდა, თავი ქუდში ჯერ არავის აქვს და, შესაბამისად, ინტრიგა ოთხივე დღევანდელ დაპირისპირებაში ცოცხლობს. ცხადია, ზოგ წყვილს ჰყავს ფავორიტი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნახევარფინალის საგზური ჯერ არავის დაუბევებია.

ვიტ ჯორჯია-ცხინვალი
9 მარტი 14:30
მცხეთა. `მცხეთა პარკი~
პირველი მატჩი: 5:4
დისკვალიფიკაცია: გახარია (ვიტ ჯორჯია)

ცხინვალს მიზნად ევროპის ლიგაზე გასვლა დაუსახავს და საამისო შანსი ორივე ფრონტიდან აქვს. ამ გუნდების პირველი შეხვედრა თრილერზე მეტიც კი იყო – ცხრა გოლი მხოლოდ საქართველოში კი არა, ნებისმიერ უცხოურ ტურნირშიც ძვირი სანახავია. ვიტ ჯორჯიამ "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე 5:4 გაიმარჯვა და წყვილის ფავორიტის სტატუსიც ირგუნა, მაგრამ ყველაფერი მაინც "მცხეთა პარკზე" გადაწყდება. 
ეს გუნდები უმაღლესი ლიგის გასულ ტურშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ცხინვალმა 1:0 გაიმარჯვა. კახა კაჭარავას გუნდს დღეს ეს ანგარიში არ ეყოფა...

ჩიხურა-მეტალურგი
9 მარტი 14:30
ივანწმინდა. ცენტრალური
პირველი მატჩი: 0:0

მეტალურგის გასაჭირზე წერამ ძალიან დაგვღალა, მაგრამ, საუბედუროდ, რუსთაველთა შესახებ სხვას კვლავაც ვერაფერს გეტყვით. ჩემპიონატის წინა ტურში მეტალურგის ლანჩხუთში გამგზავრებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღეს გუნდი ივანწმინდაში კი ჩავა, მაგრამ ასეთ ვითარებაში წარმატების რა შანსი აქვს, თავად განსაჯეთ.
ჩიხურა სეზონს არასტაბილურად ატარებს, მაგრამ მეტოქის პრობლემების, რუსთავში მიღწეული 0:0-ისა და შინაური კედლების წყალობით, სოსო ფრუიძის გუნდის სანახევარფინალო შანსები მეტოქისაზე განუზომლად მაღალია.

ტორპედო-სამტრედია
9 მარტი 16:00
ქუთაისი. `გივი კილაძე~
პირველი მატჩი: 1:2
დისკვალიფიკაცია: ჩიკვილაძე (ტორპედო)

ტორპედოს ჩემპიონატში საქმეები ცუდად მისდის. ქუთაისელებმა წლეულს ერთი ოფიციალური მატჩიც ვერ მოიგეს და თუ დღესაც ხელი მოეცარათ, მთლიანად უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლაზე კონცენტრირდებიან.
სამტრედიას ევროსაგზურის მოპოვება ჩემპიონატიდანაც შეუძლია, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ზაზა ზამთარაძის გუნდი სათასო ასპარეზზეც ბოლომდე დაიხარჯება. სათასო ტურნირებში საშინაო 2:1 მაინცდამაინც კომფორტული ანგარიში ვერ არის, მაგრამ ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან გამომდინარე, სტუმრებს იმერულ დერბიში საბოლოო გამარჯვების კარგი შანსი აქვთ. ცხადია, შემდეგ ეტაპზე გასვლის პერსპექტივა ტორპედოსაც აქვს. რაც უნდა ცუდი პერიოდი ედგესგუნდს, საკუთარ კედლებში ერთი კონკრეტული მატჩის მოგების იმედი ქუთაისელებს ნამდვილად შეიძლება ჰქონდეთ.

დინამო-დილა
9 მარტი 17:00
თბილისი. `დინამო არენა~
პირველი მატჩი: 0:0
დისკვალიფიკაცია: პარუნაშვილი (დინამო)

საჩემპიონო რბოლაში სწორედ ეს ორი გუნდია დაწინაურებული, ფორტუნამ კი ისე ინება, რომ სათასო ბრძოლას ერთ-ერთი მათგანი მეოთხედფინალური რაუნდიდან უნდა ჩამოსცილდეს. გორულმა მატჩმა შეკითხვებს პასუხი ვერ გასცა და ახლა ყველაფერი დედაქალაქში უნდა გადაწყდეს. დინამოს მოედნის უპირატესობა აქვს, მაგრამ გუნდების შანსები მაინც 50/50-ზე უნდა შევაფასოთ. 
ამ სეზონში დინამო და დილა ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ გორში და ორივეჯერ უგოლოდ. ვნახოთ, გაგრძელდება ეს "სიმშრალე" თუ თბილისური მატჩი სულ სხვა სცენარითა და შინაარსით წარიმართება. 
გარდა იმისა, რომ ნახევარფინალისტიგამოვლინდება, დინამო-დილა იმასაც დაგვანახებს, სადღეისოდ რომელი მათგანი უფროა მზად ჩემპიონობისთვის.

ლევან ჯანეზაშვილი