სიახლეები

ნახევარფინალში ყველაზე იოლად

გაუზიარე

9 მარტი. ივანწმინდა. `ცენტრალური~. 800 მაყურებელი
ჩიხურა-მეტალურგი 3:0
1:0 მუმლაძე (6), 2:0 ტროიანოვსკი (44), 3:0 დობროვოლსკი (59)
ჩიხურა: ზარქუა, ლიუბჩაკი, შ. კაშია, ლ. ჩიკვაიძე (ლ. ჭელიძე 68), განუგრავა, დობროვოლსკი, დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (სარდალიშვილი 65), მანჯგალაძე (ივანიშვილი 55), მუმლაძე
სათადარიგოები: ქვილითაია, კაკაშვილი, ა. ბაჯელიძე, კუჭუხიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მეტალურგი: გ. ნადირაძე, ზ. გელაშვილი, მიქელაძე, გოცაძე (გ. ჩიკვაიძე 55), გუჯაბიძე, ექვთიმიშვილი, სტეფნიაშვილი, ბიწკინაშვილი (ბერაძე 60), ჯოხაძე, გაბაშვილი (ციცქიშვილი 56), ბ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ს. ქარდავა, ნარიმანიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: დეკანოიძე (57)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

მეტალურგის უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რუსთაველები ივანწმინდაში ჩიხურასთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ. თეორიულად, რუსთავში ნათამაშები 0:0 მეტალურგს ნახევარფინალში გასვლის შანსს უტოვებდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვემოქართლური კლუბი ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე დგას, მატჩის უპირობო ფავორიტი ჩიხურა იყო.
საჩხერელებმა ეს სტატუსი განსაკუთრებული გართულებების გარეშე დაიმტკიცეს და შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად გავიდნენ. ჩიხურა თორნიკე მუმლაძემ მატჩის დებიუტშივე დააწინაურა და მასპინძელთა უპირატესობა არც ამის შემდეგ დამდგარა ეჭვქვეშ. ზედ შესვენების წინ საჩხერელთა უკრაინელმა ახალწვეულმა ევგენი ტროიანოვსკიმ ანგარიში ორამდე გაზარდა და ინტრიგაც, ფაქტობრივად, დაიკარგა. 
ამის მიუხედავად, ჩიხურას ფეხბურთელებმა მეორე ტაიმშიც მოინდომეს და შეეცადნენ, პუბლიკა რაც შეიძლება მეტი გოლით გაეხარებინათ. ჩიხურას რამდენიმე მცდელობიდან შედეგი მხოლოდ ერთმა გამოიღო – დენის დობროვოლსკიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩიხურა ბოლო სეზონებში დამკვიდრებულ ტრადიციას არ არღვევს და თასის გათამაშებაში წინ მიიწევს. შეგახსენებთ, წინა ორ სეზონში სოსო ფრუიძის გუნდმა ფინალამდე მიაღწია და საამისო შანსს წლეულსაც ინარჩუნებს. თუმცა ჩიხურას ჩემპიონატში მართებს მდგომარეობის გამოსწორება. უმაღლეს ლიგაში ზემოიმერლებს საქმე არცთუ სახარბიელოდ მისდით. რაც შეეხება მეტალურგს, იმედია, ამ მეტად სიმპათიური კლუბის პრობლემებს დასასრული მალე გამოუჩნდება.

ანზორ ვარდოსანიძე ივანწმინდიდან