სიახლეები

ფუტსალის ნაკრები ელიტრაუნდისთვის შეიკრიბა

გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სპორტკომპლექს `არენაში~ ევროპის 2016 წლის შესარჩევი ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწრთვნელმა ალიკ სარქისიანმა შეკრებაზე 19 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც რუმინეთში 14-ს იახლებს. ჩვენი ნაკრები ბუქარესტში 17 მარტს გაემგზავრება, 18-ში კი ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას პორტუგალიასთან ჩაატარებს.  
ალიკ სარქისიანმა ეს მოთამაშეები გამოძახა: 

მეკარეები: თორნიკე ბუკია, დავით კეფაშვილი, გიორგი ახობაძე და ნიკა ფხაკაძე.

მოედნის მოთამაშეები: არჩილ სებისკვერაძე, შოთა თოფურია, ალექსანდრე ძაბირაძე, შოთა ჭანუყვაძე, გოგა ალთუნაშვილი, ნიკა ზედელაშვილი, ვლადიმერ ჯვარაშვილი, კახა მაისაია, დავით ბობოხიძე, ზურაბ ლუკავა, ირალკი თოდუა, გოგი ნიშნიანიძე, რონი, გიორგი ნიკვაშვილი, ლევან კობაიძე.

პორტუგალიის შემდეგ ჩვენები 19 მარტს მასპინძლებს გაეჯიბრებიან, 21-ში კი ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც სერბეთში გაიმართება, ჯგუფბში ორ-ორი საუკეთესო და შვიდი შესარჩევი ჯგუფიდან ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს. ჩვენი ჯგუფის ფავორიტად პორტუგალია მიიჩნევა, სოლიდური გუნდები ჰყავთ რუმინეთსა და ყაზახეთს, თუმცა უიმედოდ არც ქართველები არიან, ჩვენების მიზანი, ცხადია, ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა და რომელი ადგილით შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას, ნაკლებმნიშვნელოვანია. ისე, ელიტრაუნდის კალენდარი საქართველოს ნაკრებისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. ბოლო ტურში, როცა ფინალურ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა უნდა გაირკვეს, საქართველო ყაზახეთს ეთამაშება, ტურნირის ორი ფავორიტი, პორტუგალია და რუმინეთი კი საქმეს ერთმანეთში გაარკვევენ. სხვა ჯგუფებშიც გუნდები ისე არიან გადანაწილებული, სპეციალისტების ვარაუდით, საუკეთესო მესამეადგილოსანი სწორედ ჩვენი ჯგუფიდან უნდა იყოს.

ლუკა თალაკვაძე