სიახლეები

ცხინვალი ევროპისკენ იხედება

გაუზიარე

ჩემპიონატის დაწყებამდე, ბევრის აზრით, ცხინვალი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად თუ იბრძოლებდა, მაგრამ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონატშიც ყოჩაღობს და თასის ნახევარფინალშიც გავიდა. გუნდის მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუც სწორედ ნახევარფინალის კენჭისყრის შედეგებით დავიწყეთ. 

თასის ნახევრფინალში ალბათ ყველაზე რთული მეტოქე გერგოთ...

დინამო საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ორი ურთულესი შეხვედრა გველის. ნახევარფინალურ მატჩებამდე ჯერ საკმაო დროა და ვეცდებით, ამ შეხვედრებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. ჩემი აზრით, თასის გათამაშებას შემორჩენილი ოთხივე გუნდი იმსახურებს ტიტულის მოგებას.

უმრავლესობის აზრით, თქვენს წყვილში ფავორიტი დინამოა.

მხოლოდ ფავორიტობის ხარჯზე თამაშს ვერ იგებენ. თანაც, თასს თავის სპეციფიკა აქვს, აქ წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. შანსები კი, ვფიქრობ, 60/40-ზეა დინამოს სასარგებლოდ.

მეოთხედფინალის პირველი, საშინაო მატჩი ვიტ ჯორჯიასთან 4:5 წააგეთ, საპასუხო კი მართლაც დამაჯერებლად მოიგეთ...

წაგებული თამაში იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჯერ კიდევ პრობლემები იყო შეთამაშებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, პირველი წრის შემდეგ არაერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, მათ ნაცვლად მოსულებს კი გარკვეული დრო სჭირდებათ ადაპტაციისთვის და ის მარცხიც, გარკვეულწილად ამით იყო განპირობებული. მართალია, სრულად შეთამაშებულები არც ახლა ვართ, მაგრამ თანდათან ვალაგებთ ჩვენს თამაშს და ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრებისას ეს კარგად გამოჩნდა. ალბათ, იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ მეტოქეს მეტ-ნაკლებად გაკეთებული ეგონა საქმე.

თასის გათამაშებასთან ერთად ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობთ, ამ დროისთვის მეხუთე ადგილზე ხართ. გეყოფათ საიმისო რესურსი, რომ ორივე ფრონტზე შედეგიანად იბრძოლოთ, მით უმეტეს, რომ ცხინვალის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდულია?

მართალი ხართ, აქცენტი ძირითადად ახალგაზრდებზე გვაქვს, მაგრამ გვყავს გამოცდილებიც, რომელთა გვერდით ეს ბიჭები ბევრს ისწავლიან. ორივე ტურნირში ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ უპირატესობას მაინც ჩემპიონატს მივანიჭებთ, ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა და ევროსაგზურის მოპოვებაა. მთავარია, ტრავმებმა არ შეგვიშალოს ხელი. ახლა, მაგალითად, ვერ გვეხმარებიან არაბული და ახვლედიანი. მერანთან შეხვედრში დაშავდა ივანიშვილი, რთული ტრავმა არ აქვს, მაგრამ თამაშს ჯერ ვერ ახერხებს. კაჭარავამ, ვირუსის შემდეგ, მხოლოდ ორი დღეა, რაც გუნდთან ერთად განაახლა ვარჯიში. ასე რომ, ტრავმებმა თუ არ შეგვაფერხა, ევროსაგზურისთვის ვიბრძოლებთ.

მომდევნო ტურში სამტრედიას მასპინძლობთ, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და თქვენი უშუალო კონკურენტია.

სამტრედიას მართლაც ძლიერი შემადგენლობ ჰყავს. იაშვილის და ხიზანიშვილის დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში მისასალმებელი ამბავია, მათ გარდა არიან გეწაძე, ბეჭვაია, კაკუბავა, სხვა არაერთი კარგი ფეხბურთელი. სწორედ ასეთ გუნდთან და ასეთ ფეხბურთელებთან თამაშით შეიძენენ ჩვენი მოთამაშეები საჭირო გამოცდილებას. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ვფიქრობ, კარგი სანახავი იქნება და მაყურებელი წაგებული არ დარჩება.

ერთია, ევროტურნირზე გასვლა, მეორე - იქ წარმატებული თამაში. ევროსაგზურის მოპოვების შემთხვევაში გაძლიერებას არ აპირებთ?

თავიდანვე ვიტყვი, რომ ლეგიონერების დამატება გამორიცხულია. მე პირადად, მირჩევნია, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს მივცე თავის გამოჩენის საშუალება. შეიძლება, რამდენიმე პოზიციაზე დავიმატოთ ფეხბურთელები, მაგრამ - მხოლოდ ქართველები.

29 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას ეთამაშება. რას ფიქრობთ, რას ელით ამ შეხვედრისგან?

პირველ რიგში, კახა ცხადაძეს მინდა ვუსურვო წარმატება ამ რთულ საქმეში. ყველაფერს რეალურად შევხედოთ, ჯერ ჩვენი კალიბრის ნაკრებებს მოვუგოთ და მერე ვიფიქროთ გერმანიის დონის გუნდებთან წარმატებაზე. ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრები რომ ახლა უძლიერესია მსოფლიოში, ეს უდავოა, მაგრამ, ჩემი აზრით, არაფრით არ იყო ნაკლები ის გუნდი, 1995 წელს რომ გვესტუმრა, სხვათა შორის, მაშინ ჩვენი ნაკრების კაპიტანი სწორედ ცხადაძე იყო და ჩვენც საკმაოდ ძლიერი ნაკრები გვყავდა.  

პაატა ძნელაძე