სიახლეები

ზარი ნაცნობი სახლიდან

გაუზიარე

ჰოლანდიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შოთა არველაძე შესაძლოა ალკმაარის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. გამოცემა Telegraaf-მა შოთას ჰკითხა, რამდენად მოსალოდნელია მოვლენების ასე განვითარება. ტყუპისცალმა თქვა, რომ ალკმაარიდან შემოთავაზება მართლაც ჰქონდა.    

"სამომავლო გეგმებზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ალკმაარს ორჯერ ველაპარაკე, მათგან ოფიციალური შემთავაზებაც მივიღე. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება" ასეთი იყო არველაძის პასუხი.   

ალკმაარი ამჟამად მეოთხე ადგილზეა ერედივიზიონში. გუნდმა ბოლო წელიწადნახევარში ოთხი მწვრთნელი გამოიცვალა: მარტინ ჰაარი, დიკ ადვოკაატი, მარკო ვან ბასტენი და ჯონ ვან დერ ბრომი, რომელიც შარშან სექტემბერში დაინიშნა. ვან დერ ბრომი, გეცოდინებათ, ერთხანს არნემის ვიტესის თავკაცი გახლდათ, შემდეგ კი ბელგიის ანდერლეხტში მუშაობდა. 

შეგახსენებთ, შოთა არველაძე 2005-2007 წლებში თამაშობდა ალკმაარში და გუნდის საუკეთესო მეგოლეც გახლდათ. მოგვიანებით კი ალკმაარში სამი ცნობილი მწვრთნელის ასისტენტი იყო: ლუის ვან გაალის, რონალდ კუმანისა და დიკ ადვოკაატის.  

ილია ნანობაშვილი