სიახლეები

ლიოვის მუხრუჭები

გაუზიარე

29 მარტს დიდუბისა და ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე დიდი ხალხმრავლობა იქნება, ოღონდ, ამჯერად მიტინგების კი არა, მონატრებული ფეხბურთის გამო. ვისურვებდით, რომ ისეთივე აჟიოტაჟი იყოს, როგორიც 20 წლის წინ, როცა მთელი საქართველო თვეების განმავლობაში ელოდა მატჩს და არნახული ანშლაგი რომ სუფევდა. 

წინ კიდევ ერთი საქართველო-გერმანიაა და ძალიან მოგვეწონა კახა ცხადაძის სიტყვები: "იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საუბარში პესიმიზმი შევატყვე, უხეშადაც კი მივმართე". 

ყურების ჩამოყრის დრო ნამდვილად არ არის. არავისზე ნაკლებად არ ვიცით, თუ რა დონის ნაკრებია გერმანია, მაგრამ თავმოყვარე ნაკრებში მგლის შიშით ცხვარს არ უნდა წყვეტდნენ... ეს ის შემთხვევაა, როცა ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს, როცა თამაში უნდა დალაგდეს და შიშით მოქმედება წარსულს უნდა გავატანოთ. 

ცხადაძის სიტყვები გერმანულმა Kicker-მაც დაბეჭდა: "მალტასთან ამხანაგურში, რა თქმა უნდა, შეტევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. დიდი დრო უნდა გავატაროთ მეტოქის ნახევარზე. მალტასთან დამაჯერებელი თამაში და გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა, სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. გერმანიასთან კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფსიქოლოგიური ფაქტორიც, შიშით არ უნდა გავიდეთ მოედანზე. ყველანი ვხედავთ, გერმანია ისეთი სტაბილური ვეღარაა, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო. ვფიქრობ, ნორმალური შედეგის მიღწევა შეგვიძლია". 

Kicker-მა ახსენა ლევან ყენიაც და აღნიშნა, რომ ცხადაძემ ის ნაკრებში დააბრუნა. ყენიაზე დაწერეს, რომ ახსოვთ, 17 წლის ასაკში შალკეში პირველი ნაბიჯებისას მასზე დიდ იმედებს რომ ამყარებდნენ და ტრავმა რომ "ჩაერია" საქმეში. 

უკვე ვთქვით უშიშრად თამაშის აუცილებლობაზე და აქვე ჩამოვთვლით გერმანიის ნაკრების სუსტად ჩატარებული მატჩების სიას. რა თქმა უნდა, არ გავიხსენებთ ამხანაგურ შეხვედრებს. შევეხებით ბოლო რვაწლინახევრის განმავლობაში გერმანელთა შესარჩევ ციკლში წაფორხილებებს... რატომ ბოლო რვაწლინახევრის? ძალიან შორს არ წავალთ, მხოლოდ იოაჰიმ ლიოვის მიერ დამოძღვრილი ბუნდესმანშაფტის შედეგებს გავიხსენებთ. ლიოვი კი 2006 წლის მუნდიალის შემდეგ წვრთნის ნაკრებს. 

15 ოქტომბერი, 2006. კვიპროსი - გერმანია 1:1 

გერმანელთათვის შესარჩევში რიგით მეოთხე მატჩი იყო. ნიქოზიაში მიხაელ ბალაკმა დააწინაურა ლიოვის გუნდი და საპასუხო ოკასმა გაიტანა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 

17 ოქტომბერი, 2007. გერმანია – ჩეხეთი 0:3

საშინელი მარცხი მიუნხენის "ალიანს არენაზე", რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გერმანია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდოდა და პირველობას ჩეხებს დაუთმობდა. მართალია, ეს ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ 0:3 რა სასიამოვნოა?! გოლები სიონკომ, მატეიოვსკიმ და პლაშილმა გაიტანეს. 

21 ნოემბერი, 2007. გერმანია-უელსი 0:0

ეს ჯგუფის ბოლო ტურში მოხდა. ფრანკფურტში გერმანელებმა ვერაფრით მოახერხეს უელსელთა კარის აღება. 

10 სექტემბერი, 2008. ფინეთი-გერმანია 3:3

ჰელსინკიში გერმანელებს მიროსლავ კლოზემ უშველა, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ფინელები სამჯერ იგებდნენ – 1:0, 2:1, 3:2... კლოზემ ბოლო გოლი 83-ე წუთზე გაიტანა. სხვათა შორის, მომენტებიც ფინალებს მეტი ჰქონდათ. 

14 ოქტომბერი, 2009. გერმანია-ფინეთი 1:1

ამ შემთხვევაშიც ბეწვზე გადარჩნენ გერმანელები. იოჰანსონმა მე-11 წუთზე დააწინაურა სკანდინავიელები და მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გათანაბრდა ანგარიში: ლუკაშ პოდოლსკიმ გაიტანა. 
საინტერესოა, რომ იმ შესარჩევში გერმანიამ ათი მატჩიდან რვა მოიგო და ორივე ფრე ფინეთთან ითამაშა. 

16 ოქტომბერი, 2012. გერმანია-შვედეთი 4:4

გერმანელები სხვა ყველაფერთან ერთად იმითაც იყვნენ განთქმული, რომ თითქმის წაგებული მატჩი არაერთხელ შემოუტრიალებიათ. ადრე გამოთქმაც იყო – გერმანიას 3:0-ს რომ უგებდე, ჩათვალე, ანგარიში არ გახსნილაო. აი, შვედებთან კი დაუჯერებელი რამ მოხდა: ორჯერ კლოზემ გაიტანა, თითო-თითო _ პერ მერტესაკერმა და მესუთ იოზილმა და 62-ე წუთამდე 4:0 იყო. დარჩენილ დროში იბრაჰიმოვიჩმა, ლუსტიგმა, ელმანდერმა და ელმმა შეაგდეს. 4:4! 

მატჩის შედეგი ბევრს არაფერს წყვეტდა, გერმანია უპრობლემოდ გავიდა პირველ ადგილზე. 

11 ოქტომბერი. 2014. პოლონეთი-გერმანია 2:0

ეს უკვე მიმდინარე შესარჩევ ციკლში... მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა წააგო იმ ქვეყნის ნაკრებთან, რომელთანაც მანამდე არასოდეს დამარცხებულა. პოლონეთისთვის ეს ისტორიული დღე იყო. მართალია, ლიოვის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლ(ებ)ში ვერ გარდასახა. არკადიუშ მილიკმა და სებასტიან მილიამ მეორე ტაიმში გაიტანეს. 

14 ოქტომბერი. 2014. გერმანია-ირლანდია 1:1

ყველა ელოდა, რომ ლიოვის გუნდი პოლონელთა ჯავრს ირლანდიაზე იყრიდა, თუმცა ვერა... ტონი კროოსმა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დააწინაურა გერმანია, მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – ჯონ ოშიმ 1:1 გახადა. 

რვაწლინახევრის განმავლობაში რვა წაფორხილება. ბევრი არაა, მაგრამ არც ცოტა ითქმის. იტყვიან, რომელი შვედეთის, პოლონეთის ან ირლანდიის დონე საქართველოაო, მაგრამ ერთი შეხედვით ისინიც ხომ უშანსონი ჩანდნენ?! 

ლიოვის გუნდსაც სჩვევია წაფორხილებები, ოღონდ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეტოქის ფეხის დაცდენის იმედზე ყოფნა არ ივარგებს. უბრალოდ, იმის აღნიშვნა გვსურს, რომ ჩემპიონი ყოველთვის ჩემპიონურად ვერ თამაშობს. 

ილია ნანობაშვილი