სიახლეები

2015 ბათუმის ახალი სტადიონი 2017

გაუზიარე

ბათუმის ახალ სტადიონს ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT ააშენებს. ეს ცნობილი გახდა გუშინ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების შეჯამების შემდეგ. კომისიამ, რომელიც 22 წევრისგან შედგებოდა, სხვა 10 პროექტთან შედარებით უპირატესობა ესპანელებისას მიანიჭა.   

პროექტის მომზადების ღირებულება 650 ათასი ლარი იქნება, ხოლო მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 36 მილიონი ლარი გამოიყოფა, ლარის გაუფასურების გამო კი ეს თანხა შესაძლოა 4-5 მილიონით გაიზარდოს. მშენებლობა დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობს მოიცავს.   
სტადიონის ტევადობა 20 ათასი იქნება. მშენებლობა წლეულს, სექტემბერში უნდა დაიწყოს და 2017 წელს დასრულდეს. 

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ფრენბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის მოედნები, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და ბევრი სხვა... მოედნის ირგვლივ გაკეთდება სარბენი ბილიკები. მოეწყობა ავტოსადგომი 2000 მანქანისთვის. სპორტული ღონისძიებების გარდა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზში ვკითხულობთ, რომ სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები კლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებში განათდება და უეფასა და ფიფას სტანდარტებს სრულად უპასუხებს.

ლუკა თალაკვაძე