სიახლეები

სიახლეები ლაგოდეხის ბაზიდან

გაუზიარე

2015 წლის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სარემონტო სამუშაოები ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზაზე. სამი წლის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყოფილი ტურბაზა ისე იყო გაპარტახებული, არათუ რომელიმე გუნდისთვის შეკრების მოწყობა, ტერიტორიაზე შესვლაც კი უსაფრთხო აღარ იყო. ძველი შენობა პრაქტიკულად სრულად დაანგრიეს, მოლოდ მისი კარკასის გამოყენება აღმოჩნდა შესაძლებელი.

ახლა კი სახეზეა ოთხსართულიანი, ყოველმხრივ გამართული, კეთილმოწყობილი სასტუმრო. მალე მოეწყობა ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მინდორი ბუნებრივი საფარით, ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები და საცურაო აუზი. სასტუმროს ოთახები კეთილმოწყობილია, თავისუფალ დროს კი სპორტსმენებს ბილიარდის თამაშიც შეეძლებათ. 

მართალია, სარემონტო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ლაგოდეხის ბაზაზე სრულფასოვნად მომზადება რომ უკვე შესაძლებელია, იქედანაც ჩანს, რომ გასულ ზაფხულს აქ მოსამზადებელი ეტაპი ჯერ გორის დილამ გაიარა, ხოლო ზამთარში თბილისის ლოკომოტივმა. ეს, ასე ვთქვათ, სატესტო ვარიანტი იყო. ამის   შესახებ ბაზის დირექტორი, ბადრი სამარგულიანი გვესაუბრა:

"ბუნებრივია, გვაინტერესებდა, თუ რა ხარვეზები გამოჩნდებოდა და რა გვექნებოდა გამოსასწორებელი, მაგრამ ლაგოდეხის ტექნიკური ბაზა ყოველმხრივ მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ გუნდები სრულყოფილად მომზადებულიყვნენ. ამაში იმ გუნდების წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან, რომლებიც აქ იყვნენ. საჭირო იყო, ფეხბურთელების კვებასთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციები
ჩატარებულიყო სამზარეულოს პერსონალთან, რის შედეგადაც ეს საკითხიც მოგვარდა."

ბაზის ტერიტორიაზე არსებული სასტუმრო საკმაოდ ტევადია და როგორც გვითხრეს, მას თავისუფლად შეეძლება რამდენიმე ასაკობრივი ნაკრების ერთდროულად მიღება.

"როგორც კი სარემონტო სამუშაოები ბოლომდე დასრულდება, შეგვეძლება ერთდროულად 150 სტუმარს ვუმასპინძლოთ. სავარაუდოდ, ძირითადი აქცენტი ასაკობრივ ნაკრებებზე გაკეთდება, მაგრამ გამორიცხული არაა, დაინტერესების შემთხვევაში კლუბებმაც ჩვენთან მოაწყონ ხოლმე შეკრებები"_ გვიხსნის ბადრი სამარგულიანი.

ბუნებრივია, ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოებმა ბევრი მუშახელიც მოითხოვა და ბაზის მშენებლობისას დაახლოებით 60-70
ადამიანი დასაქმდა. მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

"იმ პირობებში, როდესაც ინფრასტრუქტურის გამართვა ჩვენს ფეხბურთს სასიცოცხლოდ სჭირდება, ლაგოდეხის ბაზის მშენებლობა, დიდი საქმეა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი, ,,ბასა”-ს და რუსთავის აკადემიის მშენებლობასტან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ამისათვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას ალალი მადლობა ეკუთვნის. როდესაც ის პირველად ეწვია ლაგოდეხს, განაცხადა, რომ ბაზის რეკონსტრუქცია მალე დაიწყებოდა და როგორც ხედავთ, სიტყვას საქმე მოჰყვა. საინტერესოა, რომ ამ ბაზის დასრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი ლაგოდეხში დიდი ხანია, არ განხორციელებულა. ბაზის ამოქმედება, აქაურობისთვის, მთელი რაიონისთვის ბიძგის მიმცემი იქნება, ს\ხალხიც დასაქმდება და ადგილობრივი ბავშვები აქ ჩამოსულ ასაკობრივ ნაკრებებს რომ ნახავენ და მათ თამაშებს დაესწრებიან, ბუნებრივია, გაცილებით მეტად დაინტერესდებიან ფეხბურთით", _ იმედი აქვს და არცთუ უსაფუძვლოდ, ბატონ ბადრის.

საუბრის ბოლოს კი მან გულისტკივილით გვითხრა: "ამას წინათ, ერთი ვეტერანი ფეხბურთელის მოსაზრება მოვისმინე იმის შესახებ, თითქოს ლაგოდეხის ბაზას მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა. საწყენია ასეთი ნათქვამი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ამხელა ფინანსები და შრომაა აქ ჩადებული. ვისაც სურს, ჩამობრძანდეს და ვაჩვენებთ, სინამდვილეში რა გაკეთდა და ვისაც ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივა, ნანახით ყველა გახარებული წავა აქედან".

პაატა ძნელაძე