სიახლეები

დანიაში ქართველებს არ ენდობიან

გაუზიარე

ლადო დვალიშვილი, მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე, დავით დევდარიანი – დანიის სუპერლიგასა და პირველ ლიგაში ეს ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ ძირითად გუნდში თამაში არც ერთს არ უწევს. 

დავაკონკრეტოთ, რომ ორჰუსის ნახევარმცველ დევდარიანს ტრავმა აქვს და ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც მინდორზე არ გასულა. 27 წლის ფეხბურთელმა წელი ვერა და ვერ მოირჩინა. საერთოდაც, უცნობია, როდის შეძლებს თამაშს. თავად დევდარიანი ამის შესახებ ვერაფერს გვეუბნება... საწყენია, რომ ამ ნიჭიერ ფეხბურთელს ასეთი პრობლემები აქვს. 

ვაწაძე და სხირტლაძე ორჰუსში არიან, მაგრამ დანიის პირველი ლიგის გასულ ტურში არ უთამაშიათ. ისინი გუშინ დუბლების მატჩში გამოჩნდნენ: ჰობროს სარეზერვოებთან 0:0 დასრულებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. სხირტლაძემ სრულად ითამაშა, ვაწაძემ კი – 70-ე წუთამდე. 

დანიის პირველი ლიგის გუნდის დუბლები – ვერ არის ეს კარგი საქმე და იმედია, ქართველების მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიცვლება. არა გვგონია, ან სხირტლაძეს, ან ვაწაძეს მეტის ამბიცია არ ჰქონდეთ. დღესდღეობით უფრო ვაწაძის უთამაშებლობა გვაღელვებს, რადგან ის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული. 

და დვალიშვილზეც. რაც წლეულს სეზონი განახლდა, ოდენსეს ძირითად გუნდში არ უთამაშია. ოდენსე სუპერლიგის კლუბია, ზამთრის შესვენებაზე ორი დანიელი ფორვარდი დაიმატა და მწვრთნელმა ლადო განზე დატოვა. მასაც დუბლებში უწევს თამაში. დანიაში ასეთი წესია: ვისაც ძირითად გუნდში მცირე სათამაშო დრო აქვს (ან სულ არ აქვს), დუბლებში გამოჰყავთ. 

ვნახოთ, რა შეიცვლება. ზაფხულამდე დროა და თუ სიტუაცია წაღმა არ შეტრიალდა, ალბათ, ქართველები სხვა გუნდებს მოძებნიან.  

ილია ნანობაშვილი