სიახლეები

ბათუმის დინამოს ხუთიდან ხუთი

გაუზიარე

ბათუმის დინამომ მეორე წრეში ჩატარებული ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგო. ზღვისპირელებმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გუშინ ჩელე არენაზე იზეიმეს დაამარცხეს რა თბილისის ვიტ-ჯორჯია ანგარიშით 2-1.  გამარჯვების მიუხედავად  ვიტ ჯორჯია ბათუმელთათვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. გუნდი უმაღლესში დარჩენისთვის იბრძვის და მასპინძლებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ბათუმის დინამომ სეზონის ერთ-ერთი უმძიმესი მატჩი ჩაატარა. მასპინძლებმა ოდნავ სახეშეცვლილი შემადგენლობით დაიწყეს თამაში, სასტარტოში ვეტერანი ამირან მუჯირი და ახალგაზრდა ნიკა დიასამიძე გამოვიდნენ. უკვე მეხუთე წუთზე მუჯირის ოსტატური გადაცემის შემდეგ გიორგი ქავთარაძემ ანგარიში გახსნა. ზღვისპირელთა მეხუთე ნომერმა შეროზიას საკმაოდ მახვილი კუთხიდან  ზუსტად დაურტყა და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.  მე -14 წუთზე ვეტერინართა საპასუხო შეტევის გოლად ქცევა, ჯერ საბაძეს და შემდეგ ლობჯანიძეს შეეძლოთ, მაგრამ მიხეილ ალავიძის თავგანწირულმა ნახტომმა დინამო აშკარა გოლისგან იხსნა. იქვე განვითარდა დინამოელთა კონტრიერიში, მუჯირმა ამჯერად დიასამიძე გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, ახალგაზრდა ფეხბურთელის დარტყმა მეტოქის კარს მცირედით აცდა. მე-20 წუთზე საბაძემ დინამოს საჯარიმოში მიიღო ბურთი, მას ფეხებში სუხიაშვილი ჩაუვარდა და კუთხურზე მოიგერია,  ხიფათი ვიტელთა კუთხურსაც მოჰყვა, ტანმაღალი ლობჯანიძე ალავიძის კარში ბურთს თავით გზავნიდა, დინამოელთა კიპერმა აქაც ჩინებული რეაცია გამოავლინა, ლობჟანიძის დარტყმული აიღო, ვიტელთა ნახავარმცველის დამატებული კი ზედ კარის ხაზზე გააქვავა. 

31 -ე წუთზე გიორგი ბერიაშილმა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა, ტეტუნაშვილს ჩაწოდების შემდეგ ტატანაშვილმა მას ქუსლით კარგი პასი გაუკეთა,   დინამოს შემტევმა ცრუმოძრაობით ერთი მეურვე ჩამოიშორა და შეროზიასთან მარტოდმარტო დარჩა, დაახლოებით 7 მეტრიდან  უძლიერასად დაარტყა და შეროზიას კარს დიდი მანძილით ააცილა. მალევე კახაბრიშვილს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი, გახარიამ საჯარიმოში მაღალი ტრაექტორიით ჩაჰკიდა, კახაბრიშვილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან გაისროლა და ბათუმელთა კარის ბადეს გარედან მოარტყა. ტაიმის მიწურულს დიასამიძის ჩაწოდებულს ტატანშვილმა დაუხვედრა თავი, ბურთი შეროზიას პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 45-ე წუთზე ლობჟანიძე კარგად გაისარჯა და საბაძეს დინამოელთა საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან დაუტოვა ბურთი, საბაძის დარტყმა კარს დიდი მანძილით აცდა. 

მეორე ტაიმის განახლებისთანავე სუხიაშვილის გარღვევას მოყვა ხიფათი, მის გამჭოლ გადაცემას დიმიტრი ტატანშვილმა გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან სუსტად დაარტყა, შეროზია ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. შემდეგ უკვე დიასამაძეს არ გამოუვიდა დარტყმა ხელსაყრელი პოზიციიდან. ვიტელთა საპასუხო იერიშისას, მაისურაძემ ლობჯანიძე გაიყვანა ერთი ერთზე, მაგრამ თბილისელთა თავდამსხმელს ამ ეპიზოდში სიზუსტემ უმტყუნა.   ორიოდე წუთში ქავთარაძეს დუბლის გაფორმება შეეძლო, საჯარიმოს გარედან გამიზნულადაც დაარტყა, მაგრამ აქ უკვე შეროზიას ნახტომმა იხსნა სტუმართა კარი. 54-ე წუთზე ბათუმელთა მიერ გათამაშებული სტანარდულის შემდეგ შეროზიამ სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაშში, თანაგუნდელის გადაცემა ლობჯანიძემ ჩინებულად ჩამოიღო, ბათუმელ მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. 

მატჩის ბედი 74-ე წუთზე გადაწყდა, მარჯვენა ფლანგზე ბურთი გიორგი ქავთარაძემ მიიღო, ჩაწოდა და გიორგი ბერიაშვილმა თავური დარტმით ლამაზი გოლი გაიატანა, გიორგი ქავთარაძემ კი თავის აქტივში გოლს პლუს პასი ჩაიწერა. 85-ე წუთზე მიხეილ ალავიძემ კიდევ ერთელ იხსნა ბათუმის დინამო, სტანდარტულის შემდეგ ბურთი დინამოს საჯარიმოში მყოფ გეთიაშვილს  დარჩა, კარისკენ ზურგით მდგარმა კაპიტანმა მაკრატელა დაარტყა და ალავიძეს ბურთის ასაღებად საკმაოდ რთული ნახტომის გაკეთება მოუწია. 
დარჩენილ დროში ორივე გუნდის მეკარემ გამოსვლებს კარგად გაართვა თავი, დინამომ ეროვნულის ისტორიაში მეოთხედ დაამრცხა ვიტ ჯორჯია და გორის დილას  ლანჩხუთში ნათამშები ფრიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე აინაცვლა.

ბესო ჩიბურდანიძე


18 მარტი, ჩელე არენა, 1000 მაყურებელი. 

დინამო ბათუმი - ვიტ ჯორჯია  2:1

დინამო:  ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მგელაძე, სუხიაშვილი, მუჯირი (კ) (ვარშანიძე 45), დიასამიძე (მაკარიანი 78), შონია, ქავთარაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე 68) , ბერიაშვილი.

სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, თევდორაძე, ჭკუასელი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ვიტ-ჯორჯია: შეროზია, დანელია, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, თათხაშვილი, დავლაშელიძე (ხვისტანი 83), მაისურაძე, გახარია, კახაბრიშვილი, საბაძე (კალაჯიშვილი 80), ლობჯანიძე (კუხალეიშვილი 74). 

სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, იმნაძე, დადიანი. 

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

გოლები: ქავთარაძე (5) ლობჯანიძე (54) ბერიაშვილი (74)

გაფრთხილება:  შეროზია (82) ბერიაშვილი (82) 

არბიტრი - გოგა კიკაჩეიშვილი.