სიახლეები

დინამო-მეტალურგი 2:0

გაუზიარე

18 მარტი. თბილისი. "დინამო არენა" 1000 მაყურებელი.

1:0 ჩირგაძე (15), 2:0 ჩირგაძე (25)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, გველესიანი, თოთაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი (შეგელაშვილი 83), ს. ლობჟანიძე (ჯიღაური 63), ჯანელიძე, კიტეიშვილი (ტაბატაძე 71), ჩირგაძე

სათადარიგოები: დაუშვილი, ბუკორაცი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

მეტალურგი: ბედიაშვილი, ექვთიმიშვილი (გუჯაბიძე 55), სარიშვილი, ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი, ბერუაშვილი, ნარიმანიძე, ჯოხაძე (ციცქიშვილი 78), გელაშვილი, ოქროპირიძე (გაბაშვილი 46), ბარაბაძე

სათადარიგოები: ნადირაძე, გ. კილასონია, ჩიკვაიძე, ბერაძე

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (65)

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი  

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაშიც ფავორიტად დინამო მიიჩნეოდა, მაგრამ მაშინ რუსთაველებმა 3:0 მოიგეს და ნამდვილი სენსაცია შემოგვთავაზეს. გუშინ კი ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. უფულო და ათასი პრობლემით შეწუხებულმა მეტალურგმა ჩემპიონატის ლიდერს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

25 წუთისთვის ყველაფერი გარკვეული იყო, ამ დროისთვის დინამო ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა და თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარც შეცვლილა. დინამოს ესპანელი ფორვარდის, მანუელის არყოფნაში ძირითადში გიორგი ჩირგაძე იყო და მანაც თავის შანსი მშვენივრად გამოიყენა. ჯერ იყო და ჩირგაძემ უზუსტესი თავური დარტყმით მაღალ კუთხეში გაიტანა, გრიგოლ ბედიაშვილმა ბურთისთვის მხოლოდ თვალის გაყოლება მოასწრო; ცოტა ხანში კი დინამოელთა კომბინაცია კვლავ ჩირგაძემ დაასრულა ზუსტი დარტყმით. ჩირგაძეს პირველივე ტაიმში შეეძლო ჰეთ-თრიქის შესრულება, როდესაც პარუნაშვილის იდეალური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მეტალურგი ამ მომენტში ხარიხამ იხსნა.

მეორე ტაიმშიც თამაში ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა. ბურთს დინამო ფლობდა და მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ კიდეც ანგარიშში სხვაობის გაზრდა. რუსთაველები კი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, თუმცა ბარაბაძეს ორჯერ შეეძლო გატანა. პირველ შემთხვევაში თუ მახვილი კუთხიდან დარტყმული ოდნავ ააცილა, მეორე მომენტში უფრო უკეთ მართებდა დარტყმა და დინამოს უპირატესობას მინიმუმამდე დაიყვანდა.

მასპინძელთაგან კი კარგი მომენტი შეექმნა ჯიღაურს, თუმცა ახლო მანძილიდან ააცილა, ჯანელიძემ კი ბედიაშვილს ვერ აჯობა. საბოლოოდ, როგორც ვთქვით, დინამომ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ მისგან მაინც მეტს ველით, მითუმეტეს, როდესაც მეტოქე ათასი პრობლემითაა შეწუხებული და გუნდის წევრებმა თამაშის წინა დღეს არ იციან, საერთოდ შეძლებენ თუ არა თამაშზე წასვლას.

ამ მოგების შემდეგ დინამო კვლავინდებურად ერთპიროვნული ლიდერია. რუსთაველები კი უკვე მეცხრე ადგილამდე დაქვეითდნენ და რომ არა პირველ წრეში მოგროვებული ქულების სოლიდური რაოდენობა, უკვე გასავარდნ ზონაში იქნებოდნენ. მდგომარეობა უახლოეს პერიოდში თუ არ გამოსწორდება, მეტალურგს უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაუჭირდება ამაზე ამ ქალაქის მაღალჩინოსნები მანამდე უნდა დაფიქრდნენ, სანამ გვიან არაა.

მატჩის შემდეგ:

ვარლამ კილასონია: "პირველ რიგში, ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. დასაწყისში ბევრი შეცდომა დავუშვით და შესაბამისად გოლებიც გავუშვით. ამის მიუხედავად, ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო, ასეთ რთულ სიტუაციაში ერთხელ რომ არ გაუცდენიათ ვარჯიში. დღეს თამაში დასავლეთ საქართველოში რომ გვქონოდა, შევძლებდით თუ არა წასვლას, არ ვიცი".

კახა გოგიჩაიშვილი: "პირველ რიგში იმედი მაქვს რუსთავულ კლუბში მალე გამოსწორდება მდგომარეობა. დაძაბული თამაში იყო და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. შემდეგ ტურში კოლხეთთან გვაქვს პრინციპული დაპირისპირება და ხვასლიდან ამ თამაშზე გადავერთვებით".

პაატა ძნელაძე