სიახლეები

რა მოსაწყენი და... რა მოუწყენელი

გაუზიარე

18 მარტი, ივანწმინდა.  250 მაყურებელი   

ჩიხურა 5:1 კოლხეთი 

1:0 კუჭუხიძე (25), 1:1 ჯიქია (41), 2:1 მუმლაძე (81), 3:1 კუჭუხიძე (84), 4:1 ჩადუნელი (საკ. კარში 89), 5:1 სარდალიშვილი (90 პენ.) 

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ლ. ჭელიძე, განუგრავა, ჩიკვაიძე, შ. კაშია, დობროვოლსკი, კორიფაძე (კაკაშვილი 82), კუჭუხიძე, დეკანოიძე (სარდალიშვილი 57), მუმლაძე (ტროიანოვსკი 86) 

სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, მანჯგალაძე, ივანიშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ჩაკვეტაძე, ჩადუნელი, ლემონჯავა, ლ. კაკულია (ქორჩილავა 68), გოგონაია, გურეშიძე, ნ. სიჭინავა, გიგაური, ჟიშკარიანი (შ. ჯიქია 32)

სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე, სარსანია, თ. კაკულია, გუგუშვილი

მწვრთვნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: ლევან კაკულია (45), დობროვოლსკი (73), კუჭუხიძე (81), კილასონია (90). 

მსაჯი: ბაკურ ნინუა

პირველ ნახევარში გუნდები ძალზე ინერტულად გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით მასპინძლები. საჩხერელებს ორი პასის გადაბმა უჭირდათ. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ერთადერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით და ისიც შედეგიანი გამოდგა – ლაშა კუჭუხიძემ საჯარიმოს გარედან მძლავრად ამოსცხო ბურთს და სეფიაშვილის კარის ბადეში გაახვია. გოლი მართლაც კარგი სანახავი იყო. 
საგოლე მომენტები არც ფოთელებს შეუქმნიათ, თუმცა საჩხერელებზე უფრო მონდომებულები ჩანდნენ და გარჯა 41-ე წუთზე დაუფასდათ – მარჯვენა ფლანგიდან სიჭინავამ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ უმეთვალყურეოდ იყო გამოცდილი შოთა ჯიქია, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია. 
70-ე წუთამდე გუნდები კვლავაც უნიათოდ ბურთაობდნენ. მათი თამაშის  შემყურე ძნელად დაიჯერებდა, კიდევ  ოთხი გოლი თუ გავიდოდა, მაგრამ...
70-ე წუთზე განუგრავამ შორიდან დაარტყა და სეფიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია ბურთი კუთხურზე. რამდენიმე წამში კვლავ ხიფათი შეიქმნა ფოთელთა კართან. სეფიაშვილმა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მუშტებით მოიგერია, ბურთს დობროვოლსკი დაეუფლა და კარში დაარტყა, კოლხეთი გოლის გაშვებას გიორგი კილასონიამ გადაარჩინა _ ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა. 
მასპინძელთა ყველა შეტევა უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა, ეს უკვე შტურმს ჰგავდა. 81-ე წუთზე ფოთელთა დაცვა უხეშად შეცდა - შოთა კაშიამ საჯარიმოში მუმლაძეს ჩააწოდა, ჩიხურას ფორვარდი რატომღაც უმეთვალყურეოდ იყო, ბურთი მკერდზე მიიღო, გაისწორა და გაიტანა _ 2:1. 
ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო _ ჩიხურა. 
სარდალიშვილმა რამდენიმე ფოთელი ჩამოიცილა და კუჭუხიძეს უპასა, რომელსაც დუბლის გაფორმება აღარ გასჭირვებია. კაშიას გადაცემის შემდეგ ტროიანოვსკის მართებდა გატანა, თუმცა ააცილა. მალევე კუჭუხიძემ საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და... ჩადუნელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა _ 4:1. 
მატჩის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, საჯარიმოში კილასონიამ სარდალიშვილი შეაჩერა აკრძალული ილეთით, პენალტი თავად "დაზარალებულმა" შეასრულა და ფოთელთა ტანჯვა დაასრულა. 


მატჩის შემდეგ:

სოსო ფრუიძე: ორივე გუნდს ძალიან გვჭირდებოდა ქულები და ამიტომაც მატჩი დაძაბული გამოდგა. რთული პირველი ნახევრის შემდეგ გამოვნახეთ ძალები და  მეტოქე ბოლოს გავტეხეთ. 

ზაზა ინაშვილი: მე-80 წუთამდე ნორმალურად ვთამაშობდით და თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ბოლო ათ წუთში მცველებმა ბავშვური შეცდომები დაუშვეს და ოთხი გოლიც მივიღეთ. დიახ, ასეთ  შეცდომებს ბავშვებიც არ უშვებენ სპორტსკოლაში. ჩიხურას დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ.

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან