სიახლეები

ინტრიგა პირველივე ტაიმში დაიკარგა

გაუზიარე

18 მარტი. ზუგდიდი. "ბაიას" ბაზა. 500 მაყურებელი

ზუგდიდი-მერანი 3:0

1:0 ლ. ღონღაძე (31), 2:0 შ. ლომია (37), 3:0 ლ. წურწუმია (42)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ლ. ღონღაძე, აკობია, ენდელაძე, კობერიძე, გუგუჩია (ქირია 75), ლ. წურწუმია (ფარჯიკია 68), ლ. კუტალია, შ. ლომია, ეხვაია (კუკავა 68)

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

მერანი: მამალაძე, მელიავა, ი. ციცხვაია, ლომაშვილი, გეგია, ქიქავა, ფიფია (შულაია 46), ფონიავა (გ. წურწუმია, 46), გეგეჭკორი (ბ. გოცირიძე 72), ჯღამაია, ს. ლომია

მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი

გაფრთხილება: ს. ლომია (53), ქიქავა (58)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

ზუგდიდს სატურნირო ცხრილში მეტოქეზე უარესად ჰქონდა საქმე და ნათელი იყო, რომ ამ შეხვედრაში გაორმაგებული ენერგიით ითამაშებდა.
მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და მე-6 წუთზე გიორგი გეგიას რომ არ ეთამაშა თავგანწირვით, ლუკა კობერიძე ახლო მანძილიდან გახსნიდა ანგარიშს. მერანის საპასუხო იერიში ფონიავა-გეგეჭკორის მიერ წამოწყებულ კარგ კომბინაციას მოჰყვა, რის დაგვირგვინებასაც გოგა ფიფია ცდილობდა. მართალია, ფიფიას დარტყმა ზუსტი გამოდგა, მაგრამ მეკარე ბობღიაშვილს სწორად ჰქონდა პოზიცია შერჩეული და ხიფათიც განიმუხტა.
31-ე წუთზე მერანის კარში გოლი ლაშა ღონღაძემ გაიტანა. გუგუჩიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ მან მეტოქის საჯარიმოში ყველას დაასწრო და თავისიანები დააწინაურა.
ანგარიში ორამდე შოთა ლომიამ გაზარდა. ზუგდიდელთა კაპიტანმა მასპინძელთა მესამე გოლშიც დაიდო ლომის წილი. მას თავადვე შეეძლო დარტყმა, მაგრამ უფრო კარგ პოზიციაში მყოფ წურწუმიას დაუგორა ბურთი და ანგარიში 3:0 გახდა.
ანგარიშიდან გამომდინარე, მერანს მეორე ნახევარში დასაკარგი აღარაფერი იყო და ვლადიმირ ლობაზმა შეტევითი ხაზი შულაია-წურწუმიას შემოყვანით გააძლიერა. მართალია, ამ ცვლილებებმა შედარებით გამოაცოცხლა თამაში, თუმცა საერთო სურათი არ შეცვლილა. 
მატჩის მე-72 წუთზე მერანის რიგებში პირველად გამოჩნდა ბექა გოცირიძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. ჯერჯერობით, იგი ჩვეულ ფორმაში არ არის, მაგრამ ჟინი და მონდომება აშკარად ეტყობოდა.
ზუგდიდმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მერანის სატურნირო მდგომარეობა კი კიდევ უფრო გაუარესდა.

პავლე კუკავა ზუგდიდიდან