სიახლეები

ტორპედო მოფერიანდა

გაუზიარე

ტორპედო-ცხინვალი 2:0

18 მარტი. ქუთაისი. ცენტრალური 1600 მაყურებელი

1:0 კლიმიაშვილი (28), 2:0 ტუღუში (33. პენალტით)

ტორპედო: შეყრილაძე, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზ. ჭელიძე, იოსელიანი, საბანაძე (ზივზივაძე 73), კლიმიაშვილი (ბაბუნაშვილი 58), ტუღუში (გოგუაძე 86), მამასახლისი

სათადარიგოები: შევჩენკო, ქებაძე, მახვილაძე, კვერნაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ცხინვალი: ნადირაძე, ქარდავა, მახარობლიძე, ლექვთაძე (მარკოზაშვილი 46), შინდაგორიძე, ვ. კილასონია, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ცაწკრიალაშვილი (თარხნიშვილი 53), ცერცვაძე, კაჭარავა

სათადარიგოები: ბენდიანაშვილი, მაისაშვილი, გელაშვილი, ბურძენაძე, ქოჩლაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა 

85-ე წუთზე ზივზივაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (ააცილა)

გაფრთხილება: კაჭკაჭიშვილი (32), ბაბუნაშვილი (69), კირკიტაძე (87) 

გაძევება: სიჭინავა (63)

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

კარგახნიანი შესვენების შემდეგ, ქუთაისის ტორპედომ გასულ ტურში, როგორც იქნა, გაიმარჯვა - სტუმრად ვიტ ჯორჯიას აჯობა. ეს წარმატება, ბუნებრივია, ქუთათურთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებდა, რადგანაც საკმაოდ კარგი შემადგენლობის ტორპედომ ნავსი გატეხა და სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 
ამის დადასტურება გამოდგა ცხინვალთან გამართული პაექრობა, რომელშიც ქუთათურებმა დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. კარგი სათამაშო ამინდისა და ბუნებრივი პირობების ფონზე, მასპინძლებმა მაღალ დონეზე ითამაშეს და ზედიზედ მეორე სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
მატჩი ისე დაიწყო, გეგონებოდათ მასპინძლის რანგში ცხინვალელები იყვნენ. სადებიუტო წუთებში სტუმრებმა ორჯერ სახიფათოდ შეუტიეს მეტოქის კარს. პირველად შეყრილაძის კარის მიმართულებით მახარობლიძე ურტყამდა, რომელიც ქუთათურთა კიპერმა მოიგერია. ცოტა ხანში ბექამ ნიკა სიჭინავასაც არ გაატანინა, რომელიც მეურვესთან ჭიდილში მახვილი კუთხიდან ცდილობდა თავის გამოჩენას. 
გიორგი დარასელიას შეგირდებმა სიტუაცია მალევე გამოასწორეს. მას შემდეგ, რაც სათამაშო ტემპს მოუმატეს, მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქუთაისელთა შეტევის მარჯვენა ფლანგს, სადაც ტრადიციულად აქტიურად და ეფექურად დავით კირკიტაძე მოქმედებდა. 
პირველი რეალური მომენტი მასპინძლებმა 23-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ირაკლი კლიმიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო ძელმა აისხლიტა. ტორპედოელთა ნახევარმცველი სტანდარტულებით ხიფათს რეგულარულად უქმნიდა ცხინვალელთა კარს. 
28-ე წუთზე კლიმიაშვილმა ნამდვილი საფეხბურთო შედევრი შემოგვთავაზა და ბურთი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. მართალია, ცხინვალელთა კარის დარაჯი ნადირაძე ბურთს შეეხო, მაგრამ მისი შეკავება ვერ მოახერხა და ანგარიშიც გაიხსნა.
ქუთაისელთა დაწინაურების შემდეგ ცხინვალელებს მცირე ხანს დაბნეულობა დაეტყოთ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და მალევე მეორე გოლი გაიტანეს. ამჯერადაც მთავარი მოქმედი გმირი კლიმიაშვილი გამოდგა, რომელმაც ქუსლით ჩინებული გადაცემა გაუკეთა ქიმაძეს. თავის მხრივ, გიორგი მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც იგი კაჭკაჭიშვილმა წააქცია და შეხვედრის არბიტრმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება ბექა ტუღუშმა ითავა, რომლის ზუსტი დარტყმის შემდეგ ტორპედოელთა უპირატესობა გაიზარდა – 2:0.
სტუმრებმა მალევე სცადეს მდგომარეობის გამოსწორება და ტაიმის ბოლომდე შეეძლოთ მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც, მაგრამ ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს და მოწინააღმდეგეთა იერიშების განმუხტვა შეძლეს. ყველაზე სახიფათოდ დროის ამ მონაკვეთში შინდაგორიძის დარტყმა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც შეყრილაძემ მოიგერია. 43-ე წუთზე საბანაძე დაემუქრა ცხინვალის კარს, მაგრამ ნადირაძემ ითამაშა საიმედოდ და ბურთი მოიგერია. 
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო. ცხინვალელები ისევ აქტიურობდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს მასპინძელთა კარს. სტუმართა სამწუხაროდ, კვლავ საიმედოდ გამოიყურებოდა შეყრილაძე, რომელმაც ჯერ შინდაგორიძის, შემდეგ კი ბაჩიაშვილის დარტყმები მოიგერია. 63-ე წუთზე ცხინვალელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგანაც ჯენერი ხორავამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოედნიდან ნიკა სიჭინავა გააძევა. 
კაცნაკლულად დარჩენილი სტუმრები აქტიურობას არ წყვეტდნენ და მოწინააღმდეგის მეკარის შეწუხებასაც ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოდიოდათ. თავის მხრივ, გატანასთან რეალურად ახლოს იყვნენ რიონისპირელები, რომელთაგან ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენა შეცვლაზე გამოსულ ბუდუ ზივზივაძეს მართებდა. ახალგაზრდა ფორვარდმა პირველ შემთხვევაში პენალტი ვერ გამოიყენა, რომელიც ხელით თამაშისათვის დანიშნა არბიტრმა. ზივზივაძის დარტყმა კარს ზევიდან გადასცდა, ხოლო მალევე ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ შეძლო გატანა და ბურთი მეტოქის კარს კვლავ ააცილა. მატჩის მიწურულს გატანა დავით კირკიტაძესაც მართებდა, მაგრამ მას ახლო მანძილიდან გატანა ნადირაძემ არ დაანება.              

ცოტნე ბაკურაძე ქუთაისიდან