სიახლეები

ნულოვანმა ფრემ მეტოქეები დააკმაყოფილა

გაუზიარე

ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  გურულებმა მეორე წრე ჩინებულად დაიწყეს, ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს და სატურნირო ცხრილში მე-6  ადგილზე იმყოფებოდნენ.  თანაც ,,გურია“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგია. რაც შეეხებათ გორელებს, ისინი თბილისის ,,დინამოს’’ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ჩემპიონატის ლიდერისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული თამაში ელოდათ, თანაც თავიანთ კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისეს. 

შეხვედრას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. ერთგული გულშემატკივარიჩამოჰყვა გორელებსაც.

მატჩი სტუმართა უპირატესობით დაიწყო და გორელებმა დებიუტშივე მწვავედ შეუტიეს.  გორელიშვილის ფლანგიდან ჩაწოდებულს კვეკვესკირი გამოეხმაურა, თუმცა მისი თავური  გოგუაძემ ნახტომში უვნებელჰყო.

ტაიმის შუაწელს მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე უკეთ ცინცაძე გაისარჯა. მან მეტოქის მცველებს საჰაერო ბრძოლა მოუგო და თავით ბურთი ისიანს დაუგდო, რომელმაც შეუჩერებებლად დაარტყა. სომხიშვილი ნახტომში მისწვდა ბურთს.

ნახევარი საათის მიწურულს სტუმრებმა კარგი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. გორელიშვილი სწრაფად გაიჭრა მარცხენა ფლანგზე და შორეულ ძელთან მყოფი კვეკვესკირი მოძებნა, რომელმაც გვალიას ბურთი თავით დაუგდო. გორელი ფეხბურთელის ძლიერი დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.

ლანჩხუთელთა საპასუხო შეტევაში მოსიაშვილმა კვეკვესკირის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა. 

ტაიმის ბოლოს მასპინძლებს დაწინაურება მართებდათ. შალამბერიძის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო კოშკაძემ დიდებულად შეასრულა და სომხიშვილისთვის უხერხული ტრაექტორით ბურთი მეკარის ბაქნისკენ გაგზავნა. შეტევაში ჩართულმა ჭეიშვილმა მეტოქის მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით კარის დალაშქვრა სცადა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. 

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით უინტერესოდ წარიმართა და უღიმღამო გამოდგა. პირველად სახიფათო მომენტი ისევ სტუმრებმა შექმნეს. ახალკაცის გამჭოლი გადაცემის შემდეგ, რაზმაძე ახლო ძელიდან ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, თუმცა მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს. 

ამის შემდეგ მოედანზე ერთგვარი ,,შტილი” ჩამოწვა და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მატჩის ბოლოს თამაში ისევ გამწვავდა, როცა მეტოქეებმა თითო სახიფათო მომენტი გაცვალეს. 

პირველად თავის გამოჩენის შანსი ისიანს ჰქონდა, როცა იგი თანაგუნდელებმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, თუმცა ოდნავ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული სომხიშვილის ნადავლი შეიქმნა.

მალე თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან ახალკაცი ურტყამდა, მაგრამ თავის ვიზავის არც შეცვლაზე შესული იმერლიშვილი ჩამორჩა, რომელიც ასევე კარგად გაისარჯა და ბურთს საკმაოდ იოლად დაეუფლა.

ცოტა ხანში არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

მატჩის შემდეგ:

თემურ ლორია (,,გურია”) – ,,გორი ძლიერი გუნდია და ვიცოდით, რომ მძიმე ბრძოლა გვექნებოდა. ბიჭებმა მოინდომეს და მეტოქეს არაფერი დაუთმეს. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია”.

უჩა სოსიაშვილი (,,დილა”) – ,,ასეთ მინდორზე კომბინაციური თამაში ძნელია. აქცენტი ჩაწოდებებზე გადავიტანეთ, პრაქტიკულად ფრენბურთი ვითამაშეთ. მართალია ბიჭებმა მოინდომეს, მაგრამ ხელწამოსაკრავი არც მეტოქე იყო, ამიტომ ქულა მისაღებია. შეხვედრა ლოგიკურად დასრულდა”.

,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,დილა” (გორი)  0:0 (0:0)

18 მარტი. 15.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’.  2000 მაყურებელი.

,,გურია”: გოგუაძე (იმერლიშვილი 63), ცინცაძე,  ე. კილაძე, ჭეიშვილი, მჭედლიშვილი, ზოზულია, კოშკაძე (კ),  მოსიაშვილი, ინგოროყვა (ბენაშვილი 63),  შალამბერიძე,  ისიანი (მათიაშვილი 88);

სათადარიგოები:   გოგიაშვილი,  გაბრიჩიძე,  შეველი,  წილოსანი;

მთ. მწვრთნელი:  თემურ ლორია 

,,დილა”: სომხიშვილი (კ), მარიჩი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, რაზმაძე (წიქარიძე 52), ფალავანდიშვილი,  გვალია (სეთურიძე 56), კვეკვესკირი (მოდებაძე 86),  გორელიშვილი,  ახალკაცი;

სათადარიგოები:   მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ერისთავი, თექთურმანიძე;

მთ. მწვრთნელი:  უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: ხურცილავა (43),  შალამბერიძე (45+2),  ჭეიშვილი (54),  მოსიაშვილი (73),  მოდებაძე (90+1);

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან